ფეხბურთი

0:32 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ორი ჯოკერი ტურინში

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდება. მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც “იუვენტუსი” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩისადმი ინტერესი მართლაც დიდია. თავიდან გეტყვით, რომ სპეციალისტთა მოსაზრებაა ორად იყოფა: ერთნი ფავორიტად იტალიელებს ასახელებენ, მეორენი – ინგლისელებს. საინტერესოა, რომ “ტოტენჰემი” საოცრად მაღალ დონეზე თამაშობს და ჯგუფურ ეტაპზე ქვა ქვაზე არ დატოვა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა “რეალსა” და “დორტმუნდს” შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ არც ესპანური და არც გერმანული გუნდი გასულ შემოდგომაზე იდეალურ ფორმაში არ იყო და მეტიც, ცუდ პერიოდს განიცდიდა, ეს “მამლების” მიღწევას არ აკნინებს. პრემიერლიგაში “ტოტენჰემის” საქმეები ასე კარგად არ მისდის და მხოლოდ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. მაგრამ, ბოლო სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქეობას “მანჩესტერი”, “ლივერპული” და “არსენალი” უწევდნენ, ეს მართლაც ჩინებული შედეგია. ალბიონელთა ასეთი კარგი თამაში დიდწილად დელე ალის, კრისტიან ერიკსენისა და განსაკუთრებით, ჰარი კეინის ფენომენალური თამაშის დამსახურებაა.

რაც შეეხება “იუვენტუსს” – “ბებერი ქალბატონი” სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ დიდებულად ათამაშდა. “იუვეს” იტალიის ჩემპიონატში ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს, რადგან 24 ტურისთვის 62 ქულა არასდროს მოეპოვებინა. თუმცა, ბედის ირონიით, ეს მხოლოდ მეორე ადგილისთვისაა საკმარისი, რადგან კონკურენტი “ნაპოლიც” შთამბეჭდავათ თამაშობს. “იუვენტუსმა” ბოლოს 19 ნოემბერს წააგო. იქედან მოყოლებული ტურინული გრანდის შედეგები ფანტასტიკურსაც სცდება: 16 თამაში, 14 მოგება (ზედიზედ 11), 2 ფრე, არცერთი წაგება! საგულისხმოა, რომ “იუვემ” ხსენებულ 16 მატჩში ოდენ კინკილა გოლი გაუშვა...

მოკლედ, თვალნათელია, რომ ორივე გუნდი იდეალურ ფორმაშია და მეტი რა გვინდა, კარგი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. “ტოტენჰემს” დღევანდელ მატჩში ტობი ალდერვეირელდი დააკლდება და საეჭვოა დენი როუზის თამაშიც. უფრო სერიოზული დანაკლისი აქვს იტალიის ჩემპიონს – პაულო დიბალამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ დღეს მისი თამაში გამორიცხულია. მის გარდა, მასიმილიანო ალეგრის ხუან კუადრადოსა, ანდრეა ბარძალისა და ბლეზ მატუიდის იმედი არ ექნება.

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით გამოცდილია, ვიდრე მისი ვიზავი. თავად განსაჯეთ, “ტოტენჰემი” მერვედფინალში სულ რაღაც მეორედ იმყოფება, მაშინ, როდესაც “იუვემ” ბოლო სამ სეზონში ორჯერ ფინალამდე მიღწევა შეძლო. სწორედ ამიტომ იყო, რომ მაურისიო პოჩეტიონომ მატჩამდე გუნდების ისტორიის შედარება უადგილოდ მიიჩნია. თუმცა, იქვე დასძინა, რომ მისი გუნდის მიზანიც ესაა, რომ “იუვენტუსის” მსგავსი კალიბრის გუნდებს გაუტოლდეს. ამისთვის, ბუნებრივია დროა საჭირო. მასიმილიანო ალეგრის განცხადებით კი, მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამიტომ, მისმა გუნდმა აქცენტი ტექნიკურ ფეხბურთზე უნდა გააკეთოს. ალეგრი მიიჩნევს, რომ მთავარი გოლის არგაშვება იქნება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ოფიციალურ დონეზე “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” არ შეხვედრილან. ისტორია მხოლოდ სამ ამხანაგურ მატჩს იტევს, რომელთაგან ორი იტალიელებმა მოიგეს, ერთი – ინგლისელებმა.

მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ჭკვიანურად და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. რაც მთავარია, გოლი არ უნდა გავუშვათ, თუმცა 0:0-ზე არ ვითამაშებთ. “ტოტენჰემი” ძლიერი გუნდია, რომელსაც შეტევაში მაღალი ხარისხი გააჩნია. მაგრამ, ამასთან ჩვენც გავიზარდეთ განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გუნდი ძალიან გაიზარდა თვითშეფასების მხრივაც. სამ წელიწადში ორი ფინალი შემთხვევითობა არაა. ბოლო სამ წელიწადში ამაზე უკეთ მხოლოდ “რეალმა” იასპარეზა. ევროპის უძლიერესი გუნდების სიმაღლეზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ტექნიკურად ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან მეტოქე ფიზიკურად უძლიერესია. ყურადღებით უნდა ვიყოთ მთელი თამაში, ვინაიდან ასეთი ტიპის მატჩებში შეუძლებელია 90 წუთი ერთი გუნდი დომინირებდეს”.

მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას არ შევიცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ტურინში ვართ. ვეცდებით შეტევას, მაგრამ ჩვენი მეტოქე დიდ პატივისცემას იმსახურებს. უნდა ვიყოთ მამაცები და გამოვიყენოთ შანსები. დიბალა? – დიდი ფეხბურთელია და შესაძლოა “იუვე” მის გარეშე რაღაცას კარგავს, რადგან, როგორც მესი, კრიშტიანუ და ნეიმარი, დიბალა თავისი გუნდის უპირობო ლიდერია. თუმცა, “იუვენტუსს” ჰყავს შემცვლელები. მაგალითად, ფედერიკო ბერნარდესკი.

ჩვენი ისტორიის შედარება შეუძლებელია “იუვენტუსის” ისტორიასთან – მათ ბოლო სამ წელიწადში ორი ფინალი ითამაშეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს კარგი გეგმა და გვინდა, რომ მივაღწიოთ მათ დონეს. დღეს ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა, კონკურენცია. უნდა ვითამაშოთ აგრესიულად და ენერგიულად. როდესაც საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, ვოცნებობდი, რომ ასეთ მატჩებში მიმეღო მონაწილეობა”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტურინი, "ალიანც სთედიუმი"

13 თებერვალი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, სტურარო; დუგლას კოშტა, იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ტოტენჰემი” (3-4-2-1): ლორისი; ტრიპიე, სანჩესი, ვერტონგენი; სონი, დემბელე, დაიერი, დევისი; ერიკსენი, ალი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ფაქტები

“იუვენტუსი”

“იუვენტუსის” ბალანსი მერვედფინალში ასეთია: 5 მოგება, 3 წაგება. 12 თვის წინ, “იუვემ” “პორტუ” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში (3:0). ორი წლის წინ კი, “ბაიერნთან” დამატებით დროში ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა (2:2, 2:4).

“იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთან” მძიმე მარცხით დაიწყო – 0:3. მაგრამ შემდეგ 5 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა (3 მოგება, 2 ფრე). “ბიანკონერიმ” მერვედფინალის საგზური “ოლიმპიაკოსის” დამარცხების შემდეგ გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში იტალიელებმა ტურინში “ოლიმპიაკოსს” (2:0) და “სპორტინგს” (2:1) მოუგეს, ხოლო “ბარსელონასთან” (0:0) ფრეს დასჯერდნენ.

“იუვენტუსს” საკუთარ მოედანზე უკვე ზედიზედ 26 მატჩია არ წაუგია. ჩინებული სერია 2013 წლის აპრილიდან იწყება, როდესაც “ბაიერნთან” 0:2 დამარცხდა (16 მოგება, 10 ფრე).

გასულ სეზონში “იუვემ” პლეი-ოფის სტადიაზე სამიდან სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო.

“იუვენტუსი” უკვე ზედიზედ ექვსი თამაშია პრემიერლიგის წარმომადგენელთან არ დამარცხებულა (3 მოგება 3 ფრე). ბოლო სამი მატჩი კი, მოგებული აქვს. მათ შორის, ორჯერ “სიტისთან” (2:1, 1:0).

“იუვე” ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე: 13 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება.

ტურინელები ინგლისურ მეტოქეებთან საპლეი-ოფო სტადიაზე ასე თამაშობენ: 5 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 8 გამოთიშვა. ბოლო 5 დუელიდან კი, “იუვე” ევროსარბიელის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ბოლოს ასეთი რამ 2010 წელს ევროპა ლიგაზე მოხდა, როცა “იუვე” “ფულჰემთან” დამარცხდა (3:1, 1:4).

“ტოტენჰემი”

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ტოტენჰემა” მერვედფინალში ითამაშა, 2010-2011 წლების სეზონი იყო. მაშინ “დეზებმა” “მილანი” დაამარცხეს (1:0, 0:0).

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამ საგარეო მატჩში 7 ქულა მოიპოვა. 3:0 მოუგო “აპოელს”, 2:1 “დორტმუნდს”, ხოლო “რეალთან” ფრე ითამაშა (1:1).

ბოლო 14 გასვლით შეხვედრაში “ტოტენჰემმა” 4 მოიგო (4 ფრე, 6 წაგება).

“ტოტენჰემი” იტალიურ გუნდებთან: 5 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება (სტუმრად – 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).

“ტოტენჰემს” პლეი-ოფის სტადიაზე იტალიურ გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს: 4 მოგება, 1 წაგება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ალბიონელები აპენინელებს ვერ გასცდნენ, 2014-2015 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე მოხდა (1:1 შინ და 0:2 სტუმრად).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ფერნანდო ლორენტემ “იუვენტუსის” რიგებში 2013-2015 წლების სეზონში 92 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მოიგო ორი სკუდეტო და ერთი იტალიის თასი.

ლორენტემ ყოფილ გუნდს “სევილიას” შემადგენლობაში უკვე გაუტანა გამარჯვების გოლი 2015-2016 წლების სეზონში (1:0) და “იუვე” ამ მარცხის გამო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ხუან კუადრადოს პრემიერლიგაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვოიცეხ შჩესნიმ “არსენალის” რიგებში პრემიერლიგაში 132-ჯერ ითამაშა, ხოლო “ტოტენჰემს” რვაჯერ დაუპირისპირდა (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).

ერიკ ლამელას იტალიის ჩემპიონატში 62-ჯერ აქვს ნათამაშები და 19 გოლი გაუტანია. 2011-2013 წლებში ლამელა “რომას” რიგებში “იუვენტუსს” 4-ჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო 2012 წელს, იტალიის თასზე წაგებულ შეხვედრაში (0:3).

ერიკ ლამელა “რივერ პლეიტის” აკადემიაში ირიცხებოდა მაშინ, როდესაც ამავე გუნდის ღირსებას გონსალო იგუაინი იცავდა.

ტობი ალდერვეირელდმა “აიაქსის” მაისურით 2010 წელს მასიმილიანო ალეგრის გუნდს გოლი გაუტანა (2:0).

ჰარი კეინი და ერიკ დაიერი მოედანზე იყვნენ, როდესაც ინგლისმა სამი ხედირას გერმანია ამხანაგურ მატჩში დაამარცხა (3:2).

ჯანლუიჯი ბუფონის, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის იტალიამ 2016 წელის ევროპის ჩემპიონატზე ტობი ალდერვეირელდისა და იან ვერტონგენის ბელგია დაამარცხა (2:0). ვერტონგენმა ბუფონს 2015 წელს ამავე გუნდების ამხანაგურ მატჩში გოლიც გაუტანა.

ერთად უთამაშიათ

მირალემ პიანიჩსა და უგო ლორისს (“ლიონში”, 2008-2011)

ბლეზ მატუიდისა და სერჟ ორიეს (პსჟ-ში, 2014-2017).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ბლეზ მატუიდი და უგო ლორისი, მუსა სისოკო (საფრანგეთი)

ხუან კუადრადო და დევინსონ სანჩესი (კოლუმბია)

გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა და ერიკ ლამელა (არგენტინა)

სტატისტიკა

“იუვენტუსი”

ჯგუფური ეტაპის შემდეგ “იუვენტუსის” სალიგო განაცხადშია სტეფან ლიხშტაინერი. შვეიცარიელმა ბენედიქტ ჰიოვედესის ადგილი დაიკავა.

მირალემ პიანიჩი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მეორე მატჩს გამოტოვებს.

“ინტერთან” (0:0) ფრის შემდეგ იუვენტუსმა” ყველა ტურნირის ჩათვლით მიჯრით 11 მატჩი მოიგო და ერთადერთი გოლი გაუშვა.

“იუვემ” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 6 ტურში გაიმარჯვა და მათ შორის, ბოლოს “ფიორენტინა” დაამარცხა (2:0). გაიტანა 20 გოლი და გაუშვა – 1.

“ბებერ ქალბატონს” ბოლო 16 მატჩში ერთადერთი გოლი აქვს მიღებული საკუთარ კარში.

გონსალო იგუაინმა “იუვენტუსში” პირველი ჰეთ-თრიქი 4 თებერვალს შეასრულა “სასუოლოს” წინააღმდეგ (7:0). გაუტანა ასევე “ფიორენტინას” და ბოლო ოთხ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

სამი ხედირამ იმავე “სასუოლოსთან” დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. “იუვენტუსი” კოპა იტალიის ნახევარფინალშია გასული, სადაც “ატალანტას” პირველი მატჩი სტუმრად (1:0) მოუგო.

ხუან კუადრადოს 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და 30 იანვარს ოპერაცია გაიკეთა.

პაულო დიბალა მოედანზე 4 იანვრის შემდეგ არ გასულა, როდესაც “კალიარისთან” მატჩში დაშავდა.

ბლეზ მატუიდი “სასუოლოსთან” მატჩში დაშავდა და ერთი თვე გაუცდება. დუგლას კოშტამ კი, ტრავმა მოიშუშა და “ფიორენტინასთან” უკვე ითამაშა კიდეც.

ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი 2017 წლის უეფას გუნდში მოხვდნენ.

“ტოტენჰემი”

სალიგო განაცხადს ჯგუფური ეტაპის შემდეგ დაემატნენ ერიკ ლამელა და ლუკას მოურა. მათ ხუან ფოიტის და კევინ ნ’კუდუს ადგილი შეავსეს.

სერჟ ორიე გაფრთხილების შემთხვევაში საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

პრემიერლიგაში გაშვებული 24 გოლიდან 15 “ტოტენჰემმა” ბოლო 15 წუთში გაუშვა.

4 თებერვალს ჰარი კეინმა პრემიერლიგაში მეასე გოლი გაიტანა (141 მატჩი). კეინი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში მეორეა, რომელმაც ასე სწრაფად შეძლო 100 გოლის გატანა (ალან შირერი 100 გოლი, 124 მატჩში).

“ტოტენჰემი” ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე გავიდა, სადაც 18 თებერვალს “როჩდეილს” დაუპირისპირდება.

ტობი ალდერვეიდლმა 7 თებერვალს პირველად ითამაშა 1 ნოემბრის შემდეგ. ტრავმირებულები იყვნენ დენი როუზი და ჰარი უინკსიც, რომლებიც ასევე ამ დღეს დაბრუნდნენ.

28 ნოემბერს ერიკ ლამელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. პრემიერლიგაში აქამდე ის ყოველთვის ცვლილებაზე თამაშობდა, ხოლო ასოციაციის თასზე ორივე მატჩში 90 წუთი გაატარა მოედანზე.

0.118323