ფეხბურთი

4:00 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: საჩემპიონო ინტრიგა დაბრუნდა

ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში “ნოუ კამპზე” სენსაცია დაფიქსირდა. “ბარსელონამ” “ხეტაფეს” უმასპინძლა, გოლი ვერ გაუტანა და კასტილიაში ქულა გაატანა. შედეგად, “ატლეტიკომ” საკუთარი შეხვედრა მოიგო, არსებული ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა და თუ ორიოდე ტურის წინ ყველაფერი გადაწყვეტილად ჩანდა, ახლა მთლად ასე აღარაა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე საკმაოდ დროა დარჩენილი და 7 ქულა ის ჰანდიკაპი არაა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია, მაგრამ “როხიბლანკოს” ამის გაკეთება რომ ძალიან გაუჭირდება, ცხადია.

“ბარსელონა” კი ფლობდა სათამაშო უპირატესობას, თუმცა სხვა მატჩებთან შედარებით გუნდი ძალიან უფერულად გამოიყურებოდა და მიმდინარე ლა ლიგაში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა. უნდა აღინიშნოს, რომ “ხეტაფე” კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ კასტილიელები დამაგვირვინებელ ფაზაში მაგრად მოიკოჭლებდნენ და რამდენიმე ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენეს – 0:0.

ლა ლიგაში სამმატჩიანი, ხოლო ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა “ვალენსიამ”, რომელმაც “მესტალიაზე” თანაქალაქელი “ლევანტე” დაამარცხა. ანგარიში მე-17 წუთზე სანტი მინამ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ მასპინძლებს ზეიმი არ დასცალდათ და პოსტიგომ ერთ წუთში შეძლო გათანაბრება.

მეორე ნახევარში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ბევრი ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დავიდე მედიე ხიმენესმა. 48-ე წუთზე ლუსიანო ვიეტო მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნა ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა აქეთ გააფრთხილა სიმულაციის გამო. შემდეგ “ლევანტეს” არ ჩაუთვალა გოლი, ხოლო ბოლოს სრულიად აბსურდული პენალტი დანიშნა სტუმართა კარის მიმართულებით: სიმონე ძაძა აქეთ არღვევდა თამაშის წესს და მსაჯს ჯარიმა პირიქით უნდა დაედო, თუმცა ეპიზოდი საშინლად განსაჯა და “ღამურებმა” 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც დანი პარეხომ აქცია გოლად. ეს მომენტი 89-ე წუთზე მოხდა, ხოლო იქამდე 65-ე წუთზე ვიეტომ დააწინაურა “ვალენსია”. საბოლოოდ “ლოს ჩემ” 3:1 იმარჯვა და მე-3 ადგილი დაიბრუნა, თუმცა “რეალს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

“სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” “ხირონა” მიიღო და პაბლო სარაბიას გოლით იმარჯვა. სტუმრებს პირველ ტაიმში გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ადეიმ პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მეორე ნახევარში კატალონიელები დაისაჯნენ და უქულოდ დარჩნენ – 1:0.

დღის მეოთხე მატჩში კი “სელტა” “ესტადიო ბალაიდოსზე” “ესპანიოლს” დაუხვდა და ოთხგოლა ფრე გაუგორა.

სევილია – ხირონა 1:0 (0:0)

გოლი: სარაბია (46)

41-ე წუთზე ადეიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ბარსელონა – ხეტაფე 0:0

სელტა – ესპანიოლი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბაპტიშტაო (10), 1:1, 2:1 მ.გომესი (32; 80), 2:2 ხ.მორენო (87)

ვალენსია – ლევანტე 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მინა (17), 1:1 პოსტიგო (18), 2:1 ვიეტო (65), 3:1 პარეხო (89 პენ.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156528