ფეხბურთი

4:30 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: აგუერომ “მელიებზე” ინადირა

“მანჩესტერ სიტიმ” საჩემპიონო გზაზე წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 27-ე ტურის მატჩში ხოსეპ გვარდიოლას გუნდი “ეტიჰად სთედიუმზე” “ლესტერს” დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

“ქალაქელებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნეს: კევინ დე ბრუინმა კარის გასვრივ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, რომელიც რაჰიმ სტერლინგმა გამოიყენა და სამიოდე მეტრიდან შეაგდო. “სიტი” დიდ უპირატესობას ფლობდა და თამაშს მთლიანად აკონტროლებდა, თუმცა 24-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა უხეშად შეცდა, რაც ჯეიმი ვარდიმ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში “მანჩესტერ სიტიმ” მეტოქეს შავი დღე აყარა. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ სერხიო აგუერომ მოუწყო კოშმარი მოწინააღმდეგეს. არგენტინელმა ფორვარდმა დასკვნით 45 წუთში კასპერ შმეიხელის კარი 4-ჯერ აიღო და განსაკუთრებით ლამაზი, ბოლო გოლი გამოუვიდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დე ბრუინმა კიდევ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა – 5:1.

“სიტი” თანაქალაქელ “იუნაიტედს” 16 ქულით უსწრებს, რომელიც დღეს გასვლაზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდება.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება “უემბლიზე” შედგა, სადაც “ტოტენჰემმა” მოსისხლე მტერი, თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა, რითაც არსენ ვენგერის გუნდის ოთხეულში შესვლის შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

“დეზები” მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ბევრი მომენტიც შექმნეს, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს: 49-ე წუთზე ბენ დევისმა საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, იქ კი ლორან კოშელნის მეორე სართულზე ჰარი კეინმა აჯობა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გოლის შემდეგ, “ტოტენჰემს” ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა ჩეხი ბრწყინვალედ თამაშობდა, ხოლო ორ მომენტში კეინს და ლამელას დააკლდათ სიზუსტე. ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო კი მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კინაღამ დაისაჯა: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალექსანდრე ლაკაზეტს გათანაბრების ურეალურესი შანსი შეექმნა, მაგრამ მანაც კარს ააცილა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0.

“ევერტონმა” შინ “კრისტალ პალასი” უპრობლემოდ დაამარცხა, “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდს” აჯობა, მშვენიერ ფორმაში მყოფმა “სუონსიმ” “ლიბერთი სთედიუმზე” კის გოლით “ბარნლის” მოუგო, ხოლო “სტოკის” და “ბრაიტონის” დაპირისპირება ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე “სტოკმა” პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ჩარლი ადამმა მეკარეს ვერ აჯობა და “დურგლები” გასავარდნ ზონაში დარჩნენ.

ტოტენჰემი – არსენალი 1:0 (0:0)

გოლი: კეინი (49)

მანჩესტერ სიტი – ლესტერი 5:1 (1:1)

გოლები: 1:0 სტერლინგი (3), 1:1 ვარდი (24), 2:1, 3:1, 4:1, 5:1 აგუერო (48; 53; 77; 90)

სუონსი – ბარნლი 1:0 (0:0)

გოლი: კი (81)

ევერტონი – კრისტალ პალასი 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (46), 2:0 ნიასე (51), 3:0 ტ.დევისი (75), 3:1 მილივოიევიჩი (83 პენ.)

სტოკი – ბრაიტონი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 იზკუერდო (32), 1:1 შაქირი (68)

90-ე წუთზე ადამმა (ს) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვესტ ჰემი – უოტფორდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩიჩარიტო (38), 2:0 არნაუტოვიჩი (78)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108788