კალათბურთი

2:35 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ბენეფისი ლიგა ენდესაში - შენგელია და შერმადინი საუკეთესოები იყვნენ

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოცე ტურში ქართული დერბი შედგა – თორნიკე შენგელია გიორგი შერმადინის წინააღმდეგ. “ბასკონიამ” “უნიკახა” დაჩაგრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი რვა ქულით წააგო, საბოლოოდ ადვილ გამარჯვებას უწია (96:78).

სასიხარულოა, რომ ორივე გუნდს ჩვენებურებმა ულიდერეს. შენგელია პარკეტზე და შესაბამისად, თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, ხოლო შერმადინი “უნიკახას” შემადგენლობაში გამოირჩა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 28:12 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში “ბასკონიას” კაპიტანმა 21 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი გაახერხა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 გამოდგა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება შერმადინს – გიორგი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 23:51 წუთიც ითამაშა. ქართველი ცენტრი ლიდერობდა მალაგელებს და მატჩი 16 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. მარგი ქმედების კოეფიციენტი შენგელიას შემდეგ ყველაზე მაღალი სწორედ მას ჰქონდა – 23.

აღსანიშნავია, რომ დაგროვილი ქულების რაოდენობით თორნიკე მოედანზე, ხოლო შერმადინი “უნიკახას” რიგებში გახლდათ საუკეთესო. მოკლედ, ორივემ ჩინებული მატჩი ჩაატარა...

“ბასკონიას” 20 ტურში 13 მოგებითა და 7 წაგებით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 4 მარტს, “სარაგოსას” ესტუმრება, ხოლო “უნიკახას” 12 გამარჯვების წილ 8 მარცხი აქვს და მეხუთეა. ანდალუზიელები დამდეგ ტურში 4 მარტს, “ესტუდიანტესს” ესტუმრებიან.

0.117727