გერმანიის ბუნდესლიგის ერთი ტური მეორეს ძალიან ჰგავს და ამაში ახალი არაფერია. “ბაიერნი” ისევ ჯიქურ მიიწევს ჩემპიონობისკენ და როგორც ჩანს, ქულების დაკარგვას აღარც აპირებს.
“რეკორდმაისტერის” მორიგი მსხვერპლი “შალკე” გახდა – იუპ ჰაინკესის გუნდს მართალია ამჯერად ოფლდაუღვრელად არ მოუგია, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიპოვა და 18 ქულიანი უპირატესობა მდევარ “ლაიფციგთან” ისევ შეინარჩუნა. ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა: რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში რომ გახსნა, თამაში ახალი დაწყებული იყო. სწრაფ გაშვებულ გოლს სტუმრებზე დამღუპველად არ უმოქმედია და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს. ამან ლოგიკური შედეგიც გამოიღო. ტაიმის შუაწელს ფრანკო დი სანტომ მოხდენილი გოლით გაათანაბრა. თუმცა, “ხუმარებს” სიხარული არ შეერგოთ. მალევე ტომას მიულერმა რალფ ფარმანს თითქმის ნულოვანი კუთხიდან გაუტანა. “შალკეს” კაპიტანმა წინა ტურში დაშვებულ უხეშ შეცდომებს მიუნხენშიც მოუძებნა გაგრძელება... მოკლედ, როგორც გაირკვა ეს გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა და “ბაიერნი” “ვერცხლის სინისკენ” მიისწრაფვის. იქამდე კი, წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩებიც ელოდება.
მიჩი ბატშუაი “დორტმუნდისთვის” ზედგამოჭრილი ყოფილა. ყოველშემთხვევაში ბელგიელი უკვე მეორე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ერთი კვირის წინ, მიჩიმ დუბლი გაიფორმა და ახლა მთლად ასე შედეგიანად ვერ გაისარჯა, მაგრამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი სიტყვა ნამდვილად თქვა. “ჰამბურგთან” “ყვითლებს” გოლი ვერ გაჰქონდათ და 49-ე წუთზე ბატშუაიმ აიღო სტუმართა კარი. მარიო გიოტცემ კი წერტილი დასვა ბოლო წუთზე. ამრიგად, “დორტმუნდმა” მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა. რაც შეეხება ბატშუაის, მის ანგარიშზე ორ მატჩში 3 გოლი და საგოლე პასია. ჩინებული და სანატრელი შედეგია. “ბორუსიასთვის” კიდევ ერთი გამოსარჩევი რამ მოხდა – თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა მარკო როისი!
“ლევერკუზენმა” მეორე წრე შედარებით კარგად დაიწყო, მაგრამ აგერ ბერლინის “ჰერტასთან” ფეხი დაუცდა და ოთხეულიდან ამოვარდა. დედაქალაქელებმა “ბაი არენაზე” თითქმის იდეალური ფეხბურთი აჩვენეს და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით შინ სამი ქულა წაბრძანეს.
“ლევერკუზენის” ადგილი ოთხეულში “აინტრახტმა” დაიკავა, რომელმაც “კიოლნს” შანსი არ დაუტოვა – 4:2. არადა, “თხებმა” მეორე წრე ფანტასტიკურად დაიწყო და გადარჩენის იმედიც გაუჩნდა, მაგრამ ბოლო ორი ტურია უქულოდ ტოვებს მოედანს და ისევ უფსრკული გამოჩნდა მათ ჰორიზონტზე. ნიკო კოვაჩის “აინტრახტი” კი უფრო მეტი სტაბილურობით თუ ითამაშებს, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე შეაღწევს.
ევროსაგზურებისთვის იბრძვიან “ჰოფენჰაიმი” და “ჰანოვერიც”. ეს უფრო მეტად ზინსჰეიმელებზე ითქმის, რომლებმაც დღეს “მაინცი” დაამარცხეს. თავის მხრივ მაინცელებს ქულები ჰაერივით სჭირდებათ, რადგან გასავარდნი ზონა უკვე ძალიან ახლოსაა და გონს მოსვლა მართებთ.
“ლევერკუზენი” – “ჰერტა” 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ლაზარო (43), 0:2 კალუ (58)
“დორტმუნდი” – “ჰამბურგი” 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბატშუაი (49), 2:0 გიოტცე (90)
“აინტრახტი” – “კიოლნი” 4:2 (1:0)
გოლები: 1:0 რებიჩი (15), 1:1 ტეროდე (57, პენ), 2:1 რუსი (59), 3:1 ფალეტი (65), 4:1 ვოლფი (67), 4:2 ტეროდე (74)
“ჰანოვერი” – “ფრაიბურგი” 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ანტონი (28), 2:0 კლაუსი (54), 2:1 გულდე (88)
“ჰოფენჰაიმი” – “მაინცი” 4:2 (1:1)
გოლები: 1:0 სჟალაი (27), 1:1 ბერგრენი (28), 2:1 კრამარიჩი (67), 3:1 სჟალაი (74), 3:2 ბრეგერენი (80), 4:2 კრამარიჩი (88)
“ბაიერნი” – “შალკე” 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 1:1 დი სანტო (29), 2:1 მიულერი (36)