მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სულ მალე განახლდება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კი, ოპტიმალური შემადგენლობით შეკრებას ისევ ვერ ახერხებს.
დიდი ალბათობით ნაკრებს გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ვერ შეეშველებიან. აი, ბექა ბურჯანაძე კი, დანამდვილებით ვერ ითამაშებს. “ანდორას” მოთამაშეს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია და ინსტაგრამზე ასეთი სტატუსიც გამოაქვეყნა:
“მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოახლოვდა და ჩვენ მზად მზად ვართ მიზნის მისაღწევად. სამწუხაროა, რომ მე ვერ ვიქნები გუნდის ნაწილი ამ დროს, მაგრამ ვუსურვებ წარმატებას მთელ გუნდს და ქვეყანას”, - დაწერა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ბექამ სექტემბერში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში დღემდე არ დაუწყია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს – ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს, ავსტრიას ესტუმრება, ხოლო ორი დღის შემდეგ გერმანიას დაუხვდება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 2 ჩატარებული მატჩის შემდეგ გაამრჯვება არ აქვს მოპოვებული და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დამდეგი ორი თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.