ძიუდო

21:20 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესოები გოგონებშიც გამოვლინდნენ

7 თებერვალს თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა 2001-2004 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის.

ტურნირმა მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობას მოუყარა თავი. ქართულ ქალთა ძიუდოს ისტორიაში აქამდე ცალკე აღებულ არც ერთ ტურნირზე 64 გოგონას ერთად არ უასპარეზია.

საერთაშორისო არენაზე ქართველი გოგონების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მოზარდებში ძიუდოს ნამდვილი ბუმი გამოიწვია. ამ მხრივ ბოლო დროს სასიამოვნო ძვრები შეინიშნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც -საგარეჯოში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, ასპინძაში და ამ ყველაფერმა ასახვა წლევანდელ პირველობაზეც ჰპოვა.

შეჯიბრი გადავსებული ტრიბუნების თანხლებით წარიმართა და ძალიან საინტერესო სპორტსმენები წარმოაჩინა.

მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ ამ ასაკისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი ძიუდოისტები - ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ქუთაისელი ინდირა სილაგაძე (-63კგ), ასევე ნაკრების წევრები გორელი მარიამ მაზანაშვილი (-52კგ), თბილისელები მარიამ გულედანი (-57კგ) და სალომე მაყიშვილი (+70კგ), რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე და დამაჯერებლად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

მსუბუქი წონები -40 და -44 კგ ის წონებია, სადაც როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ტურნირებზე მონაწილეთა მცირე რაოდენობა გროვდება ხოლმე. შესაბამისად შედეგის გაკეთება აქ ერთი-ორად გაადვილებულია. ამიტომ მსუბუქი წონის ძიუდოისტებს მწვრთნელები განსაკუთრებით აკვირდებიან, რათა არ გამორჩეთ არც ერთი ნიჭიერი სპორტსმენი, ვისაც პოტენციურად შეეძლება ქვეყანა ასახელოს საერთაშორისო ასპარეზზე.

40 კგ-ში ტურნირის ნამდვილ აღმოჩენად იქცა კასპელი ეკატერინე რაზმაძე, ვინც ფინალამდე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა საგარეჯოელი თამთა სუხიაშვილი, აჭარელი ნინო ფოთელიძე და გადამწვეტ შეხვედრაში ეფექტური გდებით მოუგო წონის ფავორიტ საგარეჯოელ ლალი ხოსიტაშვილს. მწვრთნელ ლუდა ფერაძის აღზრდილი ხოსიტაშვილი ბევრად გამოცდილია და მისგან ყველა ოქროს მედალს მოელოდა, თუმცა რაზმაძე სხვაგვარად ფიქრობდა და პირველობა არ დათმო. საგულისხმოა რომ კასპელი სპორტსმენი, ვინც 2003 წელს არის დაბადებული შეჯიბრის დღეს სულ რაღაც 37 კგ-ს იწონიდა.

ეკატერინე რაზმაძემ ამ გამარჯვებით ანტალიის თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მესამე ადგილები ფოთელიძემ და სუხიაშვილმა დაიკავეს.

44კგ-ში შარშანდელი ფინალი განმეორდა. თბილისელი ნინო წერეთელი ქუთაისელ ლოლიტა გაბუნიას დაუპირისპირდა. გოგონებმა უპრობლემოდ, ლამაზ სტილში მოიგეს წინასწარი შეხვედრები და დაანონსებული ორთაბრძოლაც შედგა. თუმცა დაძაბულობის მიუხედავად შარშანდელივით თვალსასეირო ვერ გამოვიდა. მაშინ ხუთი ლამაზი ვაზარი იხილა მაყურებელმა და მწვრთნელ ბიძინა ბიზიკაშვილის აღრდილი წერეთლის გამარჯვებით დასრულდა 3:2.

ამ ჯერზე როგორ ჩანს გაბუნიამ გაითვალისწინა წინა შეცდომები და სხვა ტაქტიკაზე ააგო ბრძოლა. ქუთაისის დამსახურებული მწვრთნელის დავით თევდორაძის შეგირდმა თავიდანვე მოახერხა, ერთი ვაზარი აუღო მეტოქეს და უმძიმეს ბრძოლაში ბოლომდე შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება.

ლოლიტა გაბუნია 2003 წელს არის დაბადებული, ნინო წერეთელი 2002 წელს. ამიტომ ფინალში გასვლით მათ მოიპოვეს ანტალიაში გასამართ სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობის უფლება.

მესამე ადგილები თბილისელმა ნინო გუგეშაშვილმა და ასპინძელმა მარი ფოცხვერაშვილმა დაიკავეს. 2004 წელს დაბადებულმა ორივე სპორტსმენმა მაყურებელს ულამაზესი ჭიდაობით დაამახსოვრა თავი.

თუ ბიზიკაშვილის მოსწავლის გუგეშაშვილისთვის ეს პირველი გაბრწყინება იყო, ფოცხვერაშვილი აქამდეც მოხვედრილა სპეციალისტთა თვალთახედვის არეში.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, წარსულში ქალთა ნაკრების თავკაცის გოდერძი ველიჯანაშვილის აღზრდილი ფოცხვერაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ჭიდაობის სტილით თავის მეტსახელს "ნაპერწკალას" ხომ ამართლებს და ვფიქრობთ მომავალი წლიდან გუგეშაშვილთან ერთად ომახიან განაცხადს გააკეთებს ჭაბუკთა ნაკრებში მოხვედრაზე.

შუა წონები

გოგონების მთელი ტურნირის მსვლელობისას ერთადერთი უსიამოვნო შემთხვევა 48 კგ-ში მოხდა. ნაკრების წევრი და წონის ფავორიტი თბილისელი სალომე ბლიაძე ნახევარფინალში ნინო ლოლაძესთან ორთაბრძოლისას დაშავდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ჩემპიონობა დამაჯერებლად მოჭიდავე საგარეჯოელმა მარიამ ლაფაჩიშვილმა მოიპოვა, ვინც ფინალში თანაგუნდელი ლოლაძე შებოჭვით დაამარცხა.

ლუდა ფერაძის აღზრდილი 2003 წელს დაბადებული ლაფაჩიშვილი ანტალიის ტურნირზე გაემგზავრება, რასაც ვერ ვიტყვით 2004 წელს დაბადებულ ლოლაძეზე, ვინაიდან მისი ასაკის ძიუდოისტებს კანონმდებლობით საერთაშორისო ტურნირებში წელს გამოსვლა ეკრძალებათ.

ანალოგიური ეხება 40 კგ-ს ფინალისტ ხოსიტაშვილს, ვინც ასევე 2004 წელსაა დაბადებული.

ზოგადად 2003 წლის შემდეგ დაბადებული მოზარდები 2018 წელს საერთაშორისო ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მესამე ადგილები აქ შიდაქართლელებმა ელენე წიკლაურმა და მარიამ ადუაშვილმა დაიკავეს.

52 კგ-ში 15 მონაწილე გახლდათ დარეგისტრირებული და ყველაზე თვალსასეირო ორთაბრძოლები აქ გაიმართა. ჩემპიონობაზე პრეტენზიას 4-5 გოგონა მაინც აცხადებდა, თუმცა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გორელმა მარიამ მაზანაშვილმა ისეთი ჭიდაობა აჩვენა, რომ სრულიად ცხადი გახდა, იმ დღეს მას ვერავინ მოუგებდა.

ქართლოს პავლიაშვილის მოსწავლე მაზანაშვილი 2001 წელს არის დაბადებული. ნაკრების სრულყოფილი წევრია და შარშანდელ ევროპის პირველობაზეც მშვენივრად გამოვიდა. თუმცა წელს იმდენად აქვს მომატებული, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ მისი სახით ძალიან ძლიერი ძიუდოისტი გვეყოლება.

არანაკლებ დაგვამახსოვრა თავი ფინალისტმა, 2002 წელს დაბადებულმა თბილისელმა ანა უთურგაშვილმა. ბიძინა ბიზიკაშვილის შეგირდი დღითიდღე იზრდება და სერიოზულ ძალად ყალიბდება.

მაზანაშვილი და უთურგაშვილი ანტალიის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრებიან. მესამე ადგილები ანა კალაძემ და მანჩო მალაციძემ დაიკავეს. კალაძეზე ცალკე ვისაუბრებთ, ლუდა ფერაძის მოსწავლე მალაციძეზე კი აუცილებლად უნდა ითქვას - თუ ვარჯიშს არ დაიზარებს მისგან ძალზედ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი დადგება.

"ბერძენი" კალაძე

ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ანა კალაძე. ამ ახალგაზრდას აქამდე ჩვენთან არავინ იცნობდა, რადგან ანა მშობლებთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. შარშან ბულგარეთის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულად - როგოც ჭაბუკებში, ისევე ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო.

2001 წელს დაბადებულ კალაძის ჭიდაობის ხილვისას ძიუდოში ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი ადვილად მიხვდება - ანა ნამდვილი პროფესიონალია. საუკეთესო ფიზიკური მონაცემებით და სიმაღლით გამორჩეული, კალაძე სულით და გულით ქართველია. საბერძნეთის ნაკრების სახელით ასპარეზობას თავის სამშობლოში ჭიდაობა ურჩევნია და ჩამოვიდა კიდეც.

ანამ ძიუდოს მაღალი დონე აჩვენა, ყველა შეხვედრა უპრობლემოდ მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთადერთი მარცხი კი მეოთხედფინალში იწვნია საუკეთესო ფორმაში მყოფ მაზანაშვილთან.

57 კგ-ში თბილისელმა 2001 წელს დაბადებულმა მარიამ გულედანმა იპირველა. ბიზიკაშვილის მოსწავლემ ერთი ამოსუნთქვით გაიარა ყველა მეტოქე, ისე რომ ქულა არ დაუკარგავს.

თუკი გულედანის გამარჯვება არავის გაჰკვირვებია, მცირედით მოულოდნელი იყო საგარეჯოელი მარიამ კოხტაშვილის ბრწყინვალე გდებით მოგება ნაკრების წევრ მარიამ გურგულიანთან ნახევარფინალურ შეხვედრაში.

ლუდა ფერაძის აღზრდილმა 2002 წელს დაბადებულმა კოხტაშვილმა ფინალში გასვლით საერთაშორისო არენაზე ჭიდაობის უფლება მოიპოვა გულედანის კვალდაკვალ.

წინა წლის ჩემპიონმა, ოღონდ 52 კგ-ში, გურგულიანმა უმედლოდ არც ამჯერად დატოვა ტურნირი და გორელ მარიამ ბურძენაძესთან ერთად მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო.

მალხაზ ავაზნელის მოსწავლე ბურძენაძე საგანგებოდ უნდა გამოვყოთ. 2004 წელს დაბადებული მოზარდი ისეთი ტემპებით ვითარდება, ვფიქრობთ ახლო მომავალში მის წარმატებებზე კიდევ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი.

63 კგ ქუთაისელმა ინდირა სილაგაძემ მოიგო, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. 2001 წელს დაბადებულ 175 სმ სიმაღლის ინდირას წელს დიდი მიზნები აქვს.

დავით თევდორაძის შეგირდი ამ ფორმაციის ჭაბუკთა ნაკრების ლიდერი და კაპიტანია და სხვა საერთაშორისო ტურნირებთან ერთად მისი მთავარი საფიქრალი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა, რისი უნარიც უდავოდ შესწევს.

სასიამოვნოდ გაგვაკვირვა აჭარელი თამუნა დოლიძის კარგმა ჭიდაობამ და ფინალში გასვლამ. აჭარაში გოგონების ძიუდოს ერთ-ერთი საუკეთესო კერაა შექმნილი, სადაც დამსახურებული მწვრთნელი ნანი კირკიტაძე ძალისხმევას არ იშურებს გამორჩეული სპორტსმენების მოსაძიებლად და აღსაზრდელად.

ამჯრად 2002 წელს დაბადებულმა დოლიძემ გაუმართლა, ვერცხლის მედალთან ერთად ანტალიის ჭაბუკთა ტურნირზე წასვლის უფლებაც მოიპოვა, რაც უცილობლად დიდ სტიმულს მისცემს მის თანაგუნდელებს, აჭარელ ბავშვებს ბათუმში, ხელვაჩაურსა თუ სხვა რაიონებში მეტი ივარჯიშონ და დაკავდნენ სპორტის ამ სახეობით.

მესამე ადგილები აქ ლუდა ფერაძის აღსაზრდელებმა თბილისელმა მარიამ მიქაძემ და უდაბნოელმა ნინო გულბანმა დაიკავეს.

2001 წელს დაბადებული მიქაძის მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ნამდვილად დიდ წარმატებად უნდა ჩაივალოს, ვინაიდან ეს ახალგაზრდა ძიუდოში სულ რამდენიმე თვეა რაც ვარჯიშობს. რაც შეეხება 2004 წელს დაბადებულ გულბანს მასზე ერთადერთი სიტყვის თქმა შეიძლება - ეს არის ნამდვილი მარგალიტი. 14 წლის ასაკში 175 სმ სიმაღლის მოზარდი უდიდესი პოტენციალის მქონეა და სათანადო ვარჯიშის შემთხვევაში დიდ ჩემპიონად შეუძლია იქცეს.

მძიმე წონები

70 კგ დამაჯერებლად მოიგო მამუკა ალანიას აღზრდილმა, 2002 წელს დაბადებულმა აბაშელმა მარიამ თეთრაძემ. იგი საქართველოს ნაკრების წევრია, თუმცა ასეთი კარგი ჭიდაობა მაინც ორმაგად გასახარია მისგან. თეთრაძემ ოთხი შეხვერდა მოიგო ისე, რომ ეჭვიც კი არავის შეჰპარვია მის სიძლიერეში.

ერთადერთი , ვინც მარიამს სათანადო წინააღმდეგობა გაუწია თბილისელი ლიზი ოქრიაშვილი იყო. ბიძინა ბიზიკაშვილის მოსწავლე, 2003 წელს დაბადებული ოქრიაშვილი მთელი ტურნირის მანძილზე კარგად გამოიყურებნოდა. სამი შეხვედრა მოიგო და თეთრაძის მსგავსად ნაკრების საგზური მოიპოვა.

მესამე ადგილები აქ სალომე ოთარაშვილმა და ძალიან პერსპექტიულმა ასპინძელმა ანა ბერიძემ დაიკავეს. მძიმე წონაში დიდი ბრძოლები არ შედგა. ნაკრების ლიდერი 2001 წელს დაბადებული თბილისელი სალომე მაყიშვილი უკონკურენციო იყო და შეიძლება ითქვას ცალი ხელით მოიგო ტურნირი. მეორე ადგილზე ნინო ჩარექოვი გავიდა, ხოლო მესამე ადგილები გვანცა სომხიშვილმა და ნინი ფანჩულიძემ გაიყვეს.

მომავალი კვირიდან ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები შეკრებაზე შედის გორში. სადაც პირველი ნაკრების წევრებს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალისტები დაემატებიან. მარტის დასაწყისში კი ორი ტურნირი ელით. პირველი ნაკრები 4-5 მარტს ვარშავაში გასამართ ევროპის თასზე გამოვა, ხოლო ჭაბუკები იგივე დღეებში ანტალიის ტურნირზე იასპარეზებენ.

ტურნირის საუკეთესო ძიუდოისტი: მარიამ მაზანაშვილი

ყველაზე ეფექტური ძიუდოისტი: ინდირა სილაგაძე

ყველაზე დამაჯერებელი ასპარეზობა: მარიამ გულედანი, მარიამ თეთრაძე

მომავლის იმედი: ლოლიტა გაბუნია, ნინო გულბანი, ანა უთურგაშვილი, მანჩო მალაციძე

ყველაზე მებრძოლი ძიუდოისტი: ლიზი ოქრიაშვილი, ნინო წერეთელი, ნინო ლოლაძე, მარიამ მიქაძე

ტურნირის აღმოჩენა: ეკატერინე რაზმაძე, ანა კალაძე, მარიამ ბურძენაძე სპეციალისტთა სიმპატია: ლალი ხოსიტაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, მარი ფოცხვერაშვილი

გოგონები:
-40 კგ.
1. ეკატერინე რაზმაძე (კასპი), 2. ლალი ხოსიტაშვილი (საგარეჯო), 3. ნინო ფოთელიძე (აჭარა), თამთა სუხიაშვილი (საგარეჯო)

-44 კგ.
1. ლოლიტა გაბუნია (ქუთაისი), 2. ნინო წერეთელი (თბილისი), 3. ნინო გუგეშაშვილი (თბილისი), მარი ფოცხვერაშვილი (ასპინძა)

-48 კგ.
1. მარიამ ლაფაჩიშვილი (საგარეჯო), 2. ნინო ლოლაძე (საგარეჯო), 3. ელენე წიკლაური (მცხეთა), მარიამ ადუაშვილი (გორი)

-52 კგ.
1. მარიამ მაზანაშვილი (გორი), 2. ანა უთურგაშვილი (თბილისი), 3. ანა კალაძე (თბილისი), მანჩო მალაციძე (საგარეჯო)

-57 კგ.
1. მარიამ გულედანი (თბილისი), 2. მარიამ კოხტაშვილი (საგარეჯო), 3. მარიამ ბურძენაძე (გორი), მარიამ გურგულიანი (მესტია)

-63 კგ.
1. ინდირა სილაგაძე (ქუთაისი), 2. თამუნა დოლიძე (აჭარა), 3. მარიამ მიქაძე (საგარეჯო), ნინო გულბანი (საგარეჯო)

-70 კგ.
1. მარიამ თეთრაძე (აბაშა) , 2. ლიზი ოქრიაშვილი (თბილისი), 3. სალომე ოთარაშვილი (მარნეული), ანა ბერიძე (ასპინძა)

+70 კგ.
1. სალომე მაყიშვილი (თბილისი), 2. ნინო ჩარექოვი (ბორჯომი), 3. გვანცა სომხიშვილი (თბილისი), ნინი ფანჩულიძე (თბილისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116118