ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს საკალათბურთო “ა” ლიგის მე-4 ტური გაიმართა, რომელშიც ტურნირში მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა.
“ა” ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა დებიუტანტმა “თბილისმა”, რომელმაც “წყალტუბოს” 79:67 სძლია. ლაშა ელბაქიძის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რასაც ვერ ვიტყვით წყალტუბოელებზე. იმერულ კლუბს შეთამაშება აკლდა და კომბინაციის გათამაშება უჭირდა.
თამაში ისე წარიმართა, რომ თბილისელებმა თავიდანვე მოპოვებული ლიდერობა ხომ შეინარჩუნეს და ბოლო პერიოდში უპირატესობა იმდენად გაზარდეს, რომ წყალტუბოელებს დასკვნით წუთებში მოგების შანსი არც ჰქონიათ. გამარჯვებულებს 21 ქულით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 15 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა სოსო გოგნაძემ, ხოლო სანდრო მეგენეიშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 8 პასი დაგროვდა. “წყალტუბოში” 25 ქულით ბომბარდირი გახდა კორი კოქსი, ხოლო გაცილებით ეფექტური იყო დავით წივწივაძე, რომელმაც 16 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა.
მეორე მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. “არენა 76”-მა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგობა დამატებით ხუთწუთეულში დაძლია და 78:74 გაიმარჯვა.
არენელებს 13 ქულით ევან კელიმ ულიდერა. არმანი ფლანინგანის ანგარიშზე 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა. კსუ-ში სამმაგი დუბლი გაიფორმა რაიან აარონმა – 13 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი. 14 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა მაიკლ თორნმა.
მესამე მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა “თსუ-ჰიუნდაისა” და “ტიტებს” შორის. სტუდენტებმა ტრავმირებულ ებრიუ მაკალპის ნაცვლად გუნდში კრისტოფერ ანდერსონს უხმეს, თუმცა თსუ-ჰიუნდაელებს მეორე ამერიკელი, დენიელ უილიამსი აკლდათ. ამის მიუხედავად, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი შეხვედრის უმეტეს დროს იგებდა, ბოლო პერიოდში სულაც 8 ქულით გალიდერდა, მაგრამ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” გუნდურად და ბოლომდე იბრძოლა. “ა”ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ტიტებმა” საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში – 80:78 იმარჯვა და ლიგაში 4-დან 4 მოგებით საუკეთესოა.
“ტიტებში” 21 ქულით ჯონ ბრიტონი გამოირჩა. 19 ქულა მოაგროვა კაშიმ რენსომმა, ხოლო მესამე ამერიკელმა – ანტუან სპეისიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.
მე-5 ტურის მატჩები 12 და 13 თებერვალს, წყალტუბოსა და თბილისში გაიმართება.
gbf.ge