ფეხბურთი

13:18 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს არგენტინასთან და ინგლისთან დი ბიაჯო გაუძღვება

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ლუიჯი დი ბიაჯო დაინიშნა.

იტალიური გამოცემების ცნობით, 46 წლის სპეციალისტი “სკუადრა აძურას” მარტში გასამართ ამხანაგურ მატჩებში გაუძღვება. იტალიელები 23 მარტს, მანჩესტერში, Etihad Stadium-ზე არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 27 მარტს კი, ლონდონში, “უემბლიზე” ინგლისელებთან მოსინჯავენ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები გასული წლის ნოემბრიდან მთავარი მწვრთნელის გარეშეა. მას შემდეგ, რაც გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ჯან პიერო ვენტურას პოსტის დატოვება მოუწია და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

რაც შეეხება ლუიჯი დი ბიაჯოს, მას ფეხბურთელის კარიერა “ლაციოში”, “მონცაში”, “ფოჯაში”, “რომაში”, “ინტერში”, “ბრეშასა” და “ასკოლიში” გაუტარებია. პოზიციით ნახევარმცველმა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 32 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

მწვრთნელობა 2011 წელს იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, 2013 წლიდან კი 21-წლამდელებს უდგას სათავეში. ვენტურას დათხოვნის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის მისი გვარიც არაერთხელ დასახელდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დროებით მიანდეს “სკუადრა აძურას” გაწვრთნა.

0.12135