ფეხბურთი

23:40 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: დრამა “ენფილდზე” და “არსენალის” შოუ “ემირეითსზე”

პრემიერლიგის 26-ე ტურის პირველმა ორმა სათამაშო დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” ქულები დაკარგა, რითაც თანაქალაქელმა “იუნაიტედმა” ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, თუმცა ჩამორჩენა მაინც ძალიან დიდია – 13 ქულა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი გასვლაზე “ბარნლის” დაუპირისპირდა და ტაიმი დანილოს ულამაზესი გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. 70-ე წუთზე აარონ ლენონს სულ ცოტა დააკლდა, რომ ახალი კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, მისი ძლიერი დარტყმა ჯერ ედერსონმა მოიგერია, რომლის ხელიდანაც ბურთი ძელს მოხვდა. უკვე ერთ წუთში რაჰიმ სტერლინგს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ორიოდე მეტრიდან ააცილა კარს, რის გამოც “სიტი” დაისაჯა, 82-ე წუთზე გუდმონდსონისგან ახლო მანძილიდან გაუშვა და 2 ქულა დაკარგა – 1:1.

“იუნაიტედი” კი “ოლდ ტრაფორდზე” “ჰადერსფილდს” დაუხვდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდგომ, ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 55-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გახსნა, რომელმაც ხუან მატას გადაცემა გამოიყენა, 68-ე წუთზე კი ალექსის სანჩესმა მის მიერ გაცუდებულ პენალტს დაამატა და “წითელი ეშმაკების” რიგებში პირველი გოლი შეაგდო – 2:0.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა “არსენალმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ევერტონი” გაანადგურა. “მეთოფეებმა” ყველაფერი პირველ ტაიმში მოამთავრეს და შესვენებამდე მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შეხვედრა 5:1 დასრულდა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს აარონ რემსიმ და ჰენრიხ მხიტარიანმა. პირველმა სამი გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, აღსანიშნავია პიერ-ემერიკ ობამეიანგის სადებიუტი გოლი ლონდონური კლუბის რიგებში და ტეო უოლკოტის დაპირისპირება ყოფილ კლუბთან.

უაღრესად დაძაბული შეხვედრა გაიმართა “ენფილდ როუდზე”, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და გამარჯვება ხელიდან უკანასკნელ წამებზე გაუშვა. მერსისაიდელებმა ტაიმი მოჰამედ სალაჰის გოლით მოიგეს, რომელმაც ერიკ დაიერის უხეში შეცდომა შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, უგო ლორისის დამწუხრება არ გასჭირვებია. გადამწყვეტი გამოდგა მატჩის ბოლო მონაკვეთი, რომელმაც უდრამატულესად ჩაიარა. მე-80 წუთზე ვიქტორ ვანიამამ შორეული მანძილიდან ძლიერად გაისროლა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მალევე “დეზებმა” გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიიღეს, ჰარი კეინმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ კარიუსს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, 91-ე წუთზე გენიალურად ითამაშა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მოკლე მანძილზე ორი მეტოქე გააბითურა და ლორისს მახვილი კუთხიდან გაუტანა. ეგვიპტელ მოთამაშეს მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 21 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩება ერთი ბურთით. თანაც, სალაჰი ინგლისელისგან განსხვავებით გამოკვეთილი ფორვარდი არაა. იურგენ კლოპის შეგირდები 3 ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ 95-ე წუთზე ჯონათან მოსმა უკვე მეორე პენალტი დანიშნა “ტოტენჰემის” კარის მიმართულებით და ძალიან საკამათო, ძალიან... კეინმა კი ამჯერად ივარგა, წონასწორობა აღადგინა და პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა, ხოლო “მამლებმა” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს – 2:2.

მე-13 ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში “საუთჰემპტონმა” პირველად იმარჯვა და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა, ისევე როგორც “სუონსი”, რომელმაც ზედიზედ მეოთხე შეხვედრა არ წააგო.

3 თებერვალი

ბარნლი – მანჩესტერ სიტი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დანილო (22), 1:1 გუდმონდსონი (82)

ბორნმუთი – სტოკი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 შაქირი (5), 1:1 ჯ.კინგი (70), 2:1 მოუსე (79)

ბრაიტონი – ვესტ ჰემი 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მარი (8), 1:1 ჩიჩარიტო (30), 2:1 იზკუერდო (59), 3:1 გროსი (75)

ლესტერი – სუონსი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვარდი (17), 1:1 ფ.ფერნანდესი (53)

მანჩესტერ იუნაიტედი – ჰადერსფილდი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (55), 2:0 სანჩესი (68)

ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ჰეგაზი (4), 1:1 ლემინა (40), 1:2 სტეფენსი (43), 1:3 უარდ-პროუსი (55), 2:3 რონდონი (72)

არსენალი – ევერტონი 5:1 (4:0)

გოლები: 1:0, 3:0, 5:1 რემსი (6; 19; 74), 2:0 კოშელნი (14), 4:0 ობამეიანგი (37), 4:1 კალვერტ-ლეუინი (64)

4 თებერვალი

კრისტალ პალასი – ნიუკასლი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დიამე (22), 1:1 მილივოიევიჩი (55 პენ.)

ლივერპული – ტოტენჰემი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 სალაჰი (3; 91), 1:1 ვანიამა (80), 2:2 კეინი (95 პენ.)

87-ე წუთზე კეინმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175827