ფეხბურთი

4:00 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტი” კვლავ 15 ქულით წინაა

“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის დასრულებამდე 13 ტურით ადრე, 15 ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” იოლად დაამარცხეს, ხოლო უახლოესი მდევარი, თანაქალაქელი “მანჩესტერ იუნაიტედი” 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, “უემბლიზე” “ტოტენჰემთან” დამარცხდა და ყველაფერი ორი ტურის წინ არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც მე-19 წუთზე ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა ფერნანდინიოს, ბრაზილიელმაც გუნდელს ასეთი გარჯა დაუფასა და ანგარიში გახსნა. დე ბრუინმა მიმდინარე პრემიერლიგაში მე-11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში უკვე რაჰიმ სტერლინგმა დაარიგა საგოლე პასები, რომელმაც 68-ე წუთზე სწორედ დე ბრუინს გაატანინა ცარიელ კარში, ხოლო 89-ე წუთზე მისი გადაცემა აგუერომ გამოიყენა და ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

როგორც ზემოთ ითქვა ტურის ცენტრალური შეხვედრა “უემბლიზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” მე-11 წამიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა: “დეზებმა” თამაში დაიწყეს თუ არა, საკუთარიდან მეტოქის ნახევარზე დაჰკიდეს ბურთი, რომელიც საჯარიმოში დელე ალის მიუვიდა, მის დარტყმულს მცველი გადაეფარა, მაგრამ ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ კრისტიან ერიკსენს მიუვიდა და დანიელმა ფეხბურთელმა დავიდ დე ხეას შანსი არ დაუტოვა. 28-ე წუთზე კი კირან ტრიპიერის მიერ კარის გასვრივ გაკეთებულ გადაცემას ფილ ჯონსი ცუდად დაუხვდა და ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

“დეზებმა” საწყის ნახევარ საათში უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა დარჩენილ დროში, ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში ნამდვილად არ დაუწყიათ. ამის შემდეგაც, მეტოქეს აშკარად აღემატებოდნენ და დავიდ დე ხეას კარგი თამაში რომ არა, ანგარიში აუცილებლად გაიზრდებოდა. მაგრამ, უშანსოდ სტუმრებიც არ ყოფილან და ენტონი მარსიალსა და რომელუ ლუკაკუს უგო ლორისმა რთული ბურთები აუღო – 2:0.

სამარცხვინო მარცხი იწვნია “ჩელსიმ”, რომელმაც საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” “ბორნმუთი” მიიღო და მისგან სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. პირველი ტაიმი ასეთს არაფერს მოასწავებდა, გუნდები გასახდელში გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ. მეორე ნახევრის საწყის 25 წუთში კი, სტუმრებმა “არისტოკრატებს” ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს, სამი გოლი გაუტანეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს. არადა, სტატისტიკას რომ შევხედოთ, “ჩელსი” მეორე ნახევარში ყველაფერში ჯობდა მეტოქეს: ბურთს 74% ფლობდა, კარისკენ დარტყმები 15:6 იყო, კარში კი 5:3-ზე, თუმცა ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ აისახა. ასეთი სპორტია ფეხბურთი, ზოგჯერ თამაშის სურათი ერთს ამბობს, ხოლო ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მეორეს – 0:3.

მშვენივრად დაიწყო ტეო უოლკოტის მერსისაიდული კარიერა. მან “ევერტონის” მაისურით პრემიერლიგაში პირველად ითამაშა და ახალ გუნდს 3 ქულა მოუპოვა. “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ლესტერს” პირველივე ტაიმში დუბლი შეუსრულა. 71-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ამან შეხვედრის სცენარი ვერ შეცვალა – 2:1.

დღის დანარჩენი მატჩები, “ნიუკასლი” – “ბარნლი”, “საუთჰემპტონი” – “ბრაიტონი” და “სტოკი” – “უოტფორდი” ფრედ დასრულდა.

ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ერიკსენი (11), 2:0 ჯონსი (28 ს.კ.)

მანჩესტერ სიტი – ვესტ ბრომვიჩი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფერნანდინიო (19), 2:0 დე ბრუინი (68), 3:0 აგუერო (89)

ჩელსი – ბორნმუთი 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 უილსონი (51), 0:2 სტანისლასი (64), 0:3 აკე (67)

ევერტონი – ლესტერი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 უოლკოტი (27; 39), 2:1 ვარდი (71 პენ.)

ნიუკასლი – ბარნლი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლასკელესი (65), 1:1 დარლოუ (85 ს.კ.)

34-ე წუთზე ხოსელუმ (ნ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

საუთჰემპტონი – ბრაიტონი1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მარეი (14), 1:1 სტეფენსი (64)

სტოკი – უოტფორდი 0:0

0.178187