ფეხბურთი

16:57 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნისლში გახვეული საფეხბურთო ქალაქი

INTER! INTER! INTER! “ლაციოს” ტიფოზებმა დამხვდურთა გამოწვევა ასეთი შეძახილებით სცადეს და თამაშიც გაჩაღდა. საფეხბურთო ლა სკალაში შესანიშნავი ატმოსფერო იყო.

“მილანისთვის” კარგი სეზონი ნამდვილად არაა, მაგრამ ზედიზედ მესამე თამაშის მოგების ამბიცია ნამდვილად ჰქონდა. თანაც, პირველ წრეში განცდილი მტკივნეული მარცხისთვის რევანშის აღება მართებდა. მილანი კი მართლაც საფეხბურთო ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც “როსონერისა” და არც “ნერაძურის” ბანაკში ოქროს ხანა არ სუფევს...

მილანში “მილანი” – “ლაციოს” თამაშის გასაშუქებლად ჩავედით, თუმცა ცოტა არ იყოს, ადრე მოგვივიდა, ერთი კვირით ადრე უკვე ლომბარდიის ამ მშვენიერ ქალაქში ვიყავით. მაგრამ, ღირდა.

ჩვეულებრივ დღეებშიც თითქმის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ქალაქი ფეხბურთითაა მოწამლული. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ჯიხურებს, სადაც საფეხბურთო აქსესუარები იყიდება – “მილანისა” და “ინტერის” მაისურებიდან დაწყებული, შარფებით გაგრძელებული და უბრალო სათამაშოებით დამთავრებული. ულამაზესი და უდიადესი “სან სირო” ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. სტადიონზე მიმავალი გზა კი მარტივია – საკმარისია, მეტროსადგურ “სტადიო სან სიროზე” ჩამოხვიდეთ და თქვენს წინ იტალიის უდიდესი სტადიონი აღმოჩნდება.

ჯუზეპე მეაცას არენაზე თამაშამდე ერთი დღით ადრე შევაღწიეთ. რაც ვნახეთ, შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დაწყებული ორივე მასპინძელი გუნდის გასახდელებიდან, რომლებიც სხვათა შორის, არამარტო ფერებში, არამედ ვიზუალითაც განსხვავდება ერთმანეთისგან, დამთავრებული შიდა ინტერიერით – “სან სირო” ცარიელიც გადასარევია.

თავს ვერ დავდებ, რომ მილანში, “ინტერის” ტიფოზები სჭარბობენ, მაგრამ იმ პერიოდში, რომელიც ქალაქში გავატარეთ, ძირითადად სწორედ “ინტერისტები” გვხვდებოდნენ. ერთხელ ასეთი შემთხვევაც გადაგხვდა თავს: მეტროში მგზავრობა გვსურდა და სამგზავრო ბარათის შესაძენად ჯიხურთან მივედით, მაგრამ უცნაური რამ მოხდა. პატივცემულმა გამყიდველმა ჩვენთვის ბარათის მოყიდვაზე უარი განაცხადა. Forza Inter sempre! გაისმა, რადგან ჩვენი ჩაცმულობიდან ნათლად ჩანდა, რომ ინტერისტები არ ვიყავით. ბოლოს, საქმეში ჩვენივე მეგობარი ჩაერთო, რომელიც ფეხბურთისგან შორსაა, მაგრამ სიტუაციის განსამუხტად, ინტერისტობა დაიბრალა და ამოვისუნთქეთ...

მილანშივე, ერთ ქუჩაზე, ერთმანეთის მიყოლებითაა “ინტერის”, “იუვენტუსისა” და “მილანის” ოფიციალური მაღაზიებიც. არჩევანი მართლაც დიდია, მაგრამ ჯიბეზე გვარიანი ხელის გაკვრაც მოგიწევთ. აი, მაგალითად, “იუვენტუსის” მაღაზიაში ჯიჯი ბუფონის მაისურს დავადგი თვალი. ფასი, არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდა – 125 ევრო და ესეც ფასდაკლებით.

და, მერე, თამაშის დღეც დადგა. “სან სიროზე” მატჩამდე კარგა ხნით, 5 საათით ადრე მივედით. ხალხმრავლობა უკვე შეინიშნებოდა და იქაურობა მთლიანად შავ-წითელ ფერებში იყო მორთული. სტადიონის გარეთ იყიდებოდა მაისურები, ქუდები, შარფები და გახსნილი იყო “ფასტ ფუდის” ჯიხურები. ბავშვები აქა-იქ ბურთს აგორებდნენ და თავს ირთობდნენ, ხოლო უფროსები ლუდს შეექცეოდნენ და დროს ასე კლავდნენ. გასაყიდად გამოფენილ მაისურებს კონკრეტული ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებდა და ფასიც ვიკითხეთ. თავაზიანმა იტალიელმა 20 ევროო გვიპასუხა და დავეჭვდით. ლეონარდო ბონუჩის 19-ნომრიანი მაისური მისივე ხელმოწერით, 20 ევრო?! როგორც თამაშის შემდგომ გავარკვიეთ (ბონუჩიმ თავად მოგვიწერა ხელი მაისურზე) თურმე, სტადიონს მიღმა გამოფენილ მაისურებს ნამდვილი ავტოგრაფები არ ამშვენებდა და ჩვენი ეჭვებიც გამართლდა...

იტყუებიან, მაგრამ მხიარულები არიან. როგორც კი, ფოტოკამერით ხელმომარჯვებული შეგვამჩნიეს, “ფასტ ფუდის” თანამშრომლებმა საქმეს თავი აარიდეს და კამერისკენ დაიწყეს მზერა, გადაგვიღეთო და გაღიმებაც არ დაიზარეს. მოკლედ, მხიარული და თავაზიანი ხალხია – შიგა და შიგ, სითბოსაც ასხივებენ და კონკრეტული წამით ტკბებიან. სხვათა შორის, კვირას, მილანი ნისლით იყო დაფარული. ვინაიდან, “სან სირო” ქალაქის გარეუბანშია, ნისლი კიდევ უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ესეც თავის ხიბლს სძენდა ულამაზეს დღეს...

ასე იყო თუ ისე, სტადიონზეც შევედით და ნელ-ნელა ჯუზეპე მეაცას სახელობის არენა ხალხით დაიფარა. 50 822 გულშემატკივარი იყო იმ დღეს სტადიონზე და ალბათ მეტიც იქნებოდა, რომ არა, დასავლეთ ტრიბუნაზე გარკვეული სექტორების დახურვა. თუ რატომ არ იყო გახსნილი ყველა სექტორი, ვერაფრით გავარკვიეთ, მაგრამ როგორც გვითხრეს, ეს ასე, მხოლოდ დღესააო. მატჩის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი და იქვე, “მეზობელად” მსხდომი იტალიელი ჟურნალისტებიც გავიცანით. რადგან, მანამდე იქ არ ვენახეთ, გვკითხეს, რომიდან ხართო? და, როცა გაიგეს, საქართველოდან ვიყავით, კალაძის გვარმაც გაიჟღერა და ხშირად მობრძანდითო დააყოლეს.

თამაშს რაც შეეხება ჩინებული სანახავი გამოდგა. სამივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა. “როსონერიმ” უფრო აგრესიულად დაიწყო, განსაკუთრებით ჰაკან ჩალჰანოღლუ აქტიურობდა და მისივე გადაცემით პატრიკ კუტრონემ გაიტანა, თავით. უფრო სწორად ხელით. თუმცა, “სან სიროს” არცერთი წერტილიდან არ ჩანდა, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა ხელით აიღო მეტოქის კარი. ეს ვერც მსაჯმა და ვერც ვიდეორეფერიმ შეამჩნია. მხოლოდ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გაირკვა, როდესაც თამაშის გარჩევა დიდი ეკრანზე მიმდინარეობდა. “ლაციომ” მასპინძლებს მალევე უპასუხა და ადამ მარუშიჩის დარტყუმლს ჯიჯო დონარუმამ ვერაფერი მოუხერხა.

თამაში მაღალ ტემპში გაგრძელდა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დავიდე კალაბრიას ჩაწოდებით ჯაკომო ბონავენტურამ იხეირა. თავით გაიტანა, ოღონდ ნამდვილად. მეორე ტაიმში გატანა ორივეს შეეძლო, მაგრამ არ გამოუვიდათ და ამით “მილანმა” იხეირა. “როსონერიმ” ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და საერთოდაც, მიმდინარე სეზონში პირველად დაამარცხა სატურნირო ცხრილში მასზე მაღლა მდგომი გუნდი. მასიმილიანო ირატის საფინალო სასტვენი გაისმა და “სან სირო” სიხარულს მიეცა. ნერვიულობა მორჩა და ყველამ ამოისუნთქა. პრესკონფერენციაზე პირველი სიმონე ინძაგი გამოჩნდა. რომაელთა თავაზიანი თავკაცი ამჯერად ერთობ გაცხარებული იყო და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ბრაზი ახრჩობდა. სიმონე შეუჩერებლად იმეორებდა მსაჯების შეცდომებმა მისი გუნდი წელს ბევრჯერ რომ დააზარალა და შეუძლებელია, ვიდეორეფერიმ როგორ ვერ შეამჩნია კუტრონეს გოლზე თამაშის წესის დარღვევაო. საერთოდაც, ინძაგი ჟურნალისტებს დიდხანს არ გაუჩერდა. თავაზიანად მოიბოდიშა, მადლობა გადაიხადა და გაუჩინარდა. მერე გატუზოს ჯერი დადგა, რომელსაც კარგა ხანი ველოდეთ. “რინო” გადასარევ ხასიათზე იყო და ყველა კითხვას მხიარულად პასუხობდა. ხუმრობებსაც გამოურევდა. სერიოზულად კი, თავისი შეგირდები შეაქო და დასძინა, რომ მისი გუნდი გაიზარდა, მაგრამ ჯერ სასწავლი ბევრი გვაქვსო. შემდეგ მაისურიც უსახსოვა ერთერთ ჟურნალისტს და ფოტოს გადაღებაზეც არ დაუწყია თავ-პატიჟი.

საფეხბურთო დღე მილანში ასე დასრულდა. ამასობაში კი, ნისლი კიდევ უფრო მკვეთრად გადაფარებულიყო ქალაქს და მხედველობაც ჭირდა. თუმცა, ეს იყო ერთი დაუვიწყარი დღე კალჩოში – იტალია ფეხბურთით სუნთქავს...

გიორგი მელქაძე და სოფო ერქვანია მილანიდან

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.265061