კალათბურთი

15:28 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯობის მსურველებს კალათბურთის ფედერაციის ინსტრუქტორი დრაგან ნეშკოვიჩი ამზადებს

ფედერაციამ ევროპაში ცნობილი მსაჯი და კომისარი – სერბი დრაგან ნეშკოვიჩი გასული წლის შემოდგომაზე, სეზონის დაწყების წინ თბილისში სამუშაოდ ჩამოიყვანა. ნეშკოვიჩმა ფედერაციაში დაიკავა “ეროვნული ინსტრუქტორის” თანამდებობა და ქართველი მსაჯების საქმიანობის მონიტორინგისა და მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასთან ერთად მუშაობდა ახალი თაობიდან მსაჯების მოძიებაზე.

გაწეული მუშაობის შედეგად, პირველი ნაკადი შეირჩა, რომელთაგან დაკომპლექტდა 2 ჯგუფი. არბიტრობის დაწყების მსურველები, როგორც ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები, ისე კალათბურთის ქომაგები და სპორტის ამ სახეობასთან დაახლოვებული ახალგაზრდები არიან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 10 მსურველიდან 3 გოგონაა.

ნეშკოვიჩი ახალგაზრდებს კვირაში რამდენიმე სემინარს უტარებს – როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს. მეცადინეობები ოლიმპიური სასახლის დარბაზებსა და დრაგან ნეშკოვიჩის კაბინეტში მიმდინარეობს. სერბი სპეციალისტის განცხადებით, ახალგაზრდებში მსაჯობის დაწყების სურვილი დიდია და მალე, სავარაუდოდ, მათგან წარმატებულნი მსაჯობის კარიერას ასაკობრივი ჩემპიონატებიდან დაიწყებენ.

დრაგან ნეშკოვიჩი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ინსტრუქტორი:

“4 თვეა, საქართველოში ვარ და კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კალათბურთი თქვენი ქვეყნისთვის. ჩემი ჩამოსვლის მიზანი ქართველი მსაჯების დონის ამაღლება და ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართვა, მათი მომზადება და სამსაჯო ასპარეზზე გაყვანაა. აქტიურად ვმუშაობთ ახალი კადრების მოსაძიებლად, უფრო სწორად კი, მსაჯობის მსურველთათვის ამ პროფესიის შესასწავლად. შეიქმნა 2 ჯგუფი, რომელთაგან ერთი შედარებით დაწინაურებულია, მომდევნო კი მსაჯობის საფუძვლების თავიდან შესწავლის ეტაპზეა. ყველას, ვინც ჩვენთან დადის, ძალიან სურს მსაჯობის დაწყება და ისინი ამას მიაღწევენ კიდეც, თუ ასეთივე მონდომებით გააგრძელებენ მეცადინეობებს და იქნებიან გაბედულნი. ჩვენთან არიან მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები. მისასალმებელია, რომ მათ შორის რამდენიმე გოგონაა. კარგი მაგალითი გაქვთ მაკა კუპატაძის სახით და კარგი იქნება, ქალი მსაჯების რიცხვი თუ გაიზრდება ქართულ კალათბურთში. ძნელია, ვთქვა, რამდენ ხანში დაიწყებენ მოსამზადებელი ჯგუფების წევრები მსაჯობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს დროც მალე დადგება”.

gbf.ge

0.194613