ფეხბურთი

13:26 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ნაკრებში ბილიჩს ეპატიჟებიან

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ყაზახეთის ნაკრები, შესაძლოა, სლავენ ბილიჩმა გაწვრთნას.

kazfootball.kz-ს ინფორმაციით, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ხორვატი სპეციალისტის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.

ბილიჩი ბოლოს “ვესტ ჰემს” წვრთნიდა, საიდანაც გასული წლის ნოემბერში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მას ასევე უმუშავია სპლიტის “ჰაიდუკში”, მოსკოვის “ლოკომოტივში” და თურქულ “ბეშიქთაშში”. სანაკრებო დონეზე ბილიჩი ჯერ ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში (2004-2006 წლებში), მერე კი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო (2006-2012).

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეც დასახელდა.

ყაზახეთის ნაკრებს ბოლოს ალეკსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, თუმცა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ მასთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება სტარტს სექტემბერში აიღებს. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებები არიან. ქართველ ფეხბურთელებს პირველი მატჩი 6 სექტემბერს, სწორედ ყაზახეთში ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116184