ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში “ბასკონია” გასვლაზე “ესტუდიანტესს” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 89:87 დაამარცხა.
ბასკურმა კლუბმა ურთულესი შეხვედრა მოიგო, რომელსაც ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა. პირველი ნახევარი “ბასკონიამ” 14-ქულიანი სხვაობით წააგო. მესამე პერიოდში ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა, ხოლო დასკვნითი სათამაშო დრო მშვენივრად ჩაატარა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე 00:02 წამით ადრე კი, ჯეისონ გრენგერმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და “ბასკონიას” საჭირო გამარჯვება მოუპოვა.
ბასკების რიგებში სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 23:26 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკეს ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. გარდა ამისა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა. მასზე მეტი ქულა მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა: მასპინძელთაგან ლანდესბერგს (26 ქულა) და მატჩის გმირს, ჯეისონ გრენგერს (18 ქულა). შენგელიამ ექვსიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, ექვსიდან ოთხი ჯარიმა გამოიყენა და ერთი სამქულიანი ისროლა ზუსტად.
“ბასკონია” ლიგა ენდესაში 11 მოგებით და 7 მარცხით მე-5 ადგილზეა.