სპორტის ზაფხულის სახეობათა საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების ასოციაციამ (ASOIF) ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) პრეზიდენტი, სერბი ნენად ლალოვიჩი წარადგინა საერთაშორორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრის თანამდებობაზე. სწორედ ლალოვიჩმა გაიმარჯვა ASOIF-ის ორრაუნდიან შიდა არჩევნებში, სადაც მასთან ერთად კენჭს იყრიდნენ ტრიატლონის საერთაშორისო კავშირისა და ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტები - ესპანელი მარისოლ კასადო და ფრანგი ჟან-კრისტოფ როლანდი.
IOC-ის აღმასრულებელ საბჭოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ საბჭოში ASOIF-ის კვოტით შესულ ტაივანელ ჩინგ-კოე ვუს კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუწია.
59 წლის ნენად ლალოვიჩი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას 2013 მაისიდან ხელმძღვანელობს, 2015 წლიდან IOC-ის წევრია. IOC -ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოსტზე ლალოვიჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება შეტანილია IOC-ის სესიის დღის წესრიგში, რომელიც თებერვლის პირველ რიცხვებში პიონჩანგში (სამხრეთ კორეა) გაიმართება.
geonoc.org.ge