ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერტ ვან მაარვიკი დაინიშნა.
65 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდს მუნდიალის საგზური ანგელოს პოსტეკოღლუმ მოაპოვებინა, თუმცა მოულოდნელად, ნოემბერში დაკავებული თანამდებობა დატოვა.
თავად ვან მაარვიკი შესარჩევ ეტაპზე საუდის არაბეთის ნაკრებს წვრთნიდა და მანაც მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, თუმცა ამ ქვეყანაში ცხოვრება არ ისურვა და გუნდი დატოვა.
რუსეთში გასამართ ტურნირზე ავსტრალია ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს, პერუსა და დანიას შეხვდება.