ფეხბურთი

11:41 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილი "საბურთალოში“ ითამაშებს

გიორგი რეხვიაშვილი თბილისის „ლოკომოტივიდან“ „საბურთალოში“ გადავიდა. 29 წლის მცველი თურქეთში შეკრებაზე მყოფ საბურთალოელებს უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად მზადება დაიწყო.

"მოხარული ვარ "საბურთალოში" გადმოსვლით, შთაბეჭდილებები დადებითია. უმეტესობას ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ. მათგან ვიცი, რომ "საბურთალოში" კარგი გარემო სუფევს. გუნდს ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელი, აქვს საინტერესო ვარჯიშები. ყველაფერია იმისათვის, რომ ფეხბურთი ითამაშო და შედეგი აჩვენო. "საბურთალო" გუნდურ, სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან მომწონს. ჩვენს შორის წლების წინაც იყო საუბრები, მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის ახლა მოხდა. "საბურთალო" პროგრესირებადი კლუბია, სწორ გზაზე დგას და განვითარებას განაგრძობს. წლეულს, მინიმუმ სამეულში უნდა მოვხვდეთ, კარგი შემადგენლობაა შეკრებილი.
რაც შეეხება გასულ წელს, "ლოკომოტივში" ნორმალური სეზონი მქონდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლოში რაღაც დაგვაკლდა. ეროვნული ლიგა ძალებს იკრებს. ვფიქრობ, წლეულს კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატი გველის, რადგანაც გუნდები საგრძნობლად გაძლიერდნენ. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ყოფილ კლუბს "ლოკომოტივს" მადლობას გადავუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს" - განაცხადა „საბურთალოს“ ახალწვეულმა კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.

გიორგი რეხვიაშვილს კარიერის განმავლობაში „ლოკომოტივის“ გარდა, რუსთავის „მეტალურგში“, „ზუგდიდში“, თბილისის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“ და თურქულ „ბოლუსპორში“ უთამაშია.

რაც შეეხება მის ახალ კლუბს, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საბურთალოელები მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავენ. თბილისელთა მეტოქე რუმინეთის უმაღლესლიგელი "სეპსი" იქნება. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" თურქეთში პირველი შეხვედრა ასევე რუმინულ "კონკორდიასთან" გამართა და 2:1 მოიგო.

0.108928