ავტოსპორტი

4:09 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინის“ ფ1-ის პროგრამას „კოსუორტი“ შეუერთდება

„ასტონ მარტინი“ დიდი მონდომებით ემზადება ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩასართველად. დასაწყისისთვის, ბრიტანული კომპანია ძრავების მიმწოდებლის როლში ყოფნას გეგმავს. ამისათვის კი გამოცდილ პარტნიორებს იწვევს. მათ შორის ერთ-ერთი კი ბრიტანული კომპანია „კოსუორტია“, რომლის ძრავებსაც ფ1-ში „ფერარის“ შემდეგ, ყველაზე მეტი რბოლა აქვთ მოგებული.

„ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ამ პარტნიორობას. „ასტონმა“ ძალიან გარკვევით გამოაცხადა, რომ სხვისი რებრენდირებული ძრავის თავისად გასაღებას არ აპირებს. გარდა ამისა, არ გეგმავს ყველაფრის თავად გაკეთებას. ეს კი პარტნიორობისთვის გზას გვიხსნის და დისკუსიებიც ამ თემას ეხება“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა „კოსუორტის“ შეფმა ბრიუს ვუდმა.
ცნობისათვის, „კოსუორტმა“ ფორმულა 1-ის ძრავების წარმოება 1963 წელს დაიწყო და დიდი პრიზების ცირკში 2006 წლამდე დარჩა. მისი ძრავებით ტიტულები მოგებული აქვთ: ჯეკი სტიუარტს, ემერსონ ფიტიპალდის, ჯეიმს ჰანტს, მარიო ანდრეტის, მიხაელ შმახერს და სხვებს. ბრიტანული კომპანიის ძრავებით „ლოტუსი“, „ტირელი“, „უილიამსი“, „მაკლარენი“ და სხვა ბევრი გუნდი ასპარეზობდა.

წლების განმავლობაში, „კოსუორტის“ პარტნიორი „ფორდი“ იყო და გუნდები ძრავებს სწორედ ამერიკული კომპანიის სახელით ღებულობდნენ. „კოსუორტმა“ 2007-2009 წლების სეზონები გამოტოვა, შემდეგ დაბრუნდა და 2013 წლამდე დარჩა. ძრავების შემუშავების და წარმოების სიძვირემ, კომპანია იძულებული გახადა, ფ1 კვლავ დაეტოვებინა.

ვუდი ასევე ამბობს, რომ მის კომპანიას „ასტონ მარტინთან“ სხვა პროექტებზეც უმუშავია. მათგან ჯერჯერობით ბოლოა ჰიპერ ავტომობილი „ვალკირია“, რომლის შემუშავებაშიც, „კოსუორტის“ გარდა, ფ1-ის გუნდი „რედ ბულიც“ მონაწილეობდა. ასე რომ, ფ1-ის ახალ პროექტზე ერთობლივი მუშაობა, პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება გახდება.

ფორმულა 1-ში ამჟამად ახალ რეგლამენტზე მუშაობენ, რომელიც 2021 წლის სეზონიდან უნდა შევიდეს ძალაში. „ასტონ მარტინი“ კი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს თავის ძრავებს უფრო გვიან შესთავაზებს. არაა გამორიცხული, რომ ამ პროექტში ძრავების კიდევ ერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპეციალისტი, კომპანია „ილმორი“ ჩაერთოს, რომელიც ადრე „მერსედესის“ პარტნიორი იყო და „რენოს“ ფ1-ის პროექტშიც მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117484