ფეხბურთი

17:53 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი მეტოქეები: არავის ულხინს

უეფას სიახლე ერთა ლიგა, წილისყრა და მეტოქეები: ლატვია, ყაზახეთი, ანდორა. აუცილებელი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა, რათა ერთა ლიგის ნახევარფინალში მოვხვდეთ და შემდეგ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხომ დ ლიგიდან მხოლოდ ერთი ნაკრები მოხვდება.

ლატვია ბოლო წლებში საკმაოდ დასუსტდა და რეიტინგში 131-ე ადგილზეა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, დ ლიგაში მყოფი 16 ნაკრებიდან ლატვია ერთადერთია, რომელიც ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასულა. ეს იყო ევრო-2004-ზე.

ლატიშებს მაშინ ალექსანდრს სტარკოვსი წვრთნიდა, მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა პოსტი და ახლა კვლავაც ისაა ნაკრების თავკაცი. სტარკოვსის წინამორბედმა, ნაკრების ყოფილმა მეგოლე მარიანს პახარსმა სწორედ თბილისში 0:5 წაგების მერე დატოვა თანამდებობა... იმ ამხანაგურში ქართველებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ლატვია კი დემორალიზებული იყო.

სტარკოვსსაც ცუდი შედეგი აქვს. მეტიც, ძალიან ცუდი. გადავხედოთ ბოლო მატჩებს: ლატვია-ესტონეთი 1:2, უნგრეთი-ლატვია 3:1, ლატვია-შვეიცარია 0:3, ფარერები-ლატვია 0:0, ლატვია-ანდორა 4:0, საუდის არაბეთი-ლატვია 2:0, კოსოვო-ლატვია 4:0.

აი, ანდორა ჰყავდათ შესარჩევში და ორივე თამაში მოუგეს. შინ 4:0 ნახეთ და სტუმრად 1:0.

ყაზახები საკლუბო დონეზე პროგრესირებენ, აი, სანაკრებოზე კი ცუდი შედეგი აქვთ. ბოლოს 2016 წლის ივნისში მოიგეს – ჩინეთთან ამხანაგურში 1:0. მას შემდეგ 12 მოუგებელი მატჩი!

ქართველთა მსგავსად, წინა შესარჩევი გამარჯვების გარეშე დაასრულეს, თანაც, ჩვენებისგან განსხვავებით, მხოლოდ სამი ქულა აიღეს – შვიდი მატჩი წააგეს და ბურთების შეფარდება 6:26.

ასე რომ, როცა ყაზახეთის სახელი ცოტა გვაფრთხობს, მხოლოდ საკლუბო ფეხბურთის გამო. ქართულ გუნდებს ცუდ დღეში აგდებენ, ცუდი სტატისტიკაა...

ისიც გავიხსენოთ, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში სამწვრთნელო დებიუტი სწორედ ყაზახეთთან თბილისური მატჩში ჰქონდა – 1:1. ვაისი მუშაობდა ყაზახურ “ქაირათში” და იქაური ფეხბურთის დეტალებიც უნდა იცოდეს.

და რაც შეეხება ანდორას, ბოლო შესარჩევში 4 ქულა აიღო. შინ უნგრეთს 1:0 სძლია და ფარერებთან 0:0 დაასრულა, დანარჩენი რვა მატჩი კი წააგო და მათ შორის, როგორც უკვე დავწერეთ, ორჯერ ლატვიასთან. მთლიანობაში, 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს და 23 გაუშვეს.

ურთიერთშეხვედრები

ლატვიასთან - 8 მატჩი: 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთები 14:10

ბოლო დაპირისპირება. 28.03.2017. თბილისი. ამხანაგური

საქართველო-ლატვია 5:0 (VIDEO)

გოლები: 1:0 ანანიძე (18 პენ), 2:0 ქვილითაია (32), 3:0 ქვილითაია (68), ანანიძე (77), 5:0 არაბიძე (90)

ყაზახეთთან - 4 მატჩი: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 3:3

ბოლო დაპირისპირება. 29.03.2016. თბილისი

საქართველო-ყაზახეთი 1:1 (VIDEO)

გოლები: 0:1 ნურგალიევი (35), 1:1 ოქრიაშვილი (38)

ანდორასთან არასოდეს გვითამაშია

0.150325