სხვა

20:25 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-მა ოლიმპიადამდე 14 ათასზე მეტი დოპინგ-სინჯი აიღო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე 14 ათასზე მეტი დოპინგ-სინჯი შემოწმდა.

დოპინგ-სინჯები 61 ქვეყნის 6 ათასზე მეტ სპორტსმენს აუღეს. სოკ-ის განმარტებით, მათ ამგვარი ნაბიჯით სურთ უზრუნველყონ პატიოსანი თამაშის წესების დაცვა პიონჩანგის ოლიმპიადაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციებისა (NADO) და ზამთრის ოლიმპიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ აღებული დოპინგ-სინჯების რაოდენობაც.

„სოკ-ის უმთავრესი ამოცანაა დოპინგთან ბრძოლა და სუფთა სპორტსმენების დაცვა. სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია თამაშების სპორტული ერთიანობა, ისევე როგორც ყველა სპორტსმენისთვის თანაბარი საასპარეზო ველის შექმნა პიონჩანგში", - განაცხადა სოკ-ის სამედიცინო დირექტორმა რიჩარდ ბაჯეტმა.

სოკ-ის ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსმა სპორტსმენებმა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით ორჯერ მეტი დოპინგ-სინჯი ჩააბარეს.

geonoc.org.ge

თეგებიპიონჩანგ 2018
0.177032