სხვა

17:53 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტების ჯგუფს გამოგზავნის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, - აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.

ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.

გიორგი კვირიკაშვილმა თომას ბახს, პირისპირ შეხვედრისას დეტალურად გააცნო საქართველოს პოტენციალი და ისაუბრა იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა, საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.

"ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს", - განაცხადა თომას ბახმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო ოლიმიური კომიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი დაასაჩუქრა დამფუძნებლის მედლით, რომელსაც კომიტეტი, ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გადასცემს.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური

0.115705