ლა ლიგაში “ბარსელონას” ბრწყინვალე სვლა გრძელდება. კატალონიური კლუბი მე-20 ტურის მატჩში “ბენიტო ვილამარინზე” “ბეტისს” ეწვია და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა.
არადა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ანგარიში გახსნილი არ იყო, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში “ბეტისი” მთლიანად აიჭრა და გამანადგურებელი მარცხი იწვნია. გატანილ გოლამდე “ბარსელონას” რაღაც განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია, თუმცა როგორც კი შექმნა, მასპინძელთა საქმე ძალიან ცუდად წავიდა.
ანდალუსიელები მეტოქეს პრესინგს ეთამაშებოდნენ და საკმაოდ წინ ამოდიოდნენ, რამაც საბოლოოდ თავისი ქნა და 59-ე წუთზე კატალონიელთა უმწვავესი იერიში გამოეპარათ: ანდრე გომეშმა მოედნის ცენტრთან ლუის სუარესი მონახა, რომელმაც ჩინებული პასით ივან რაკიტიჩი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ხორვატს გატანა არ გასჭირვებია. ხუთიოდე წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, ჯერ მოედნის ცენტრში ბუსკეტსს ჩააბარეს ბურთი, შემდეგ კი მესის აყვანა ვეღარ მოასწრეს და ადანთან ერთი-ერთზე დარჩენილმა არგენტინელმა საკუთარი შანსი გამოიყენა. კიდევ ხუთ წუთში ლუის სუარესმა ლამაზი დარტყმით შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ხოლო დარჩენილ დროში მან და მესიმ კიდევ თითო ბურთი შეაგდეს და დუბლები გაიფორმეს – 0:5.
“ბარსელონა” “ატლეტიკოს” უკვე 11 ქულით უსწრებს, ხოლო “ვალენსიას” 14 ქულით.
სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “რეალმა”, რომელმაც სხვების ჯავრი “დეპორტივოზე” იყარა და ექვსბურთიანი სხვაობით გაანადგურა. თუმცა, შეხვედრის დასაწყისი მადრიდელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, რადგან 23-ე წუთზე ადრიანმა ახლო მანძილიდან სტუმრები დააწინაურა. მადრიდელებმა შეტევები გააძლიერეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და 32-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ნაჩომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 42-ე წუთზე გარეთ ბეილმა ძალიან ლამაზი გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და ტაიმი 2:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი გალისიელთათვის კოშმარული გამოდგა და ხუთი უპასუხო ბურთი მიიღეს. 58-ე წუთზე ტონი კროოსის მიერ მოწოდებულ კუთხურს ბეილის ზუსტი თავური მოჰყვა, ათ წუთში კი საჯარიმოს მისადგომებიდან ლუკა მოდრიჩმა შეაგდო. შემდეგ კი კრიშტიანო რონალდუს ჯერი დადგა, რომელმაც სამმატჩიანი უგოლო სერია დაასრულა და 78-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, ხოლო 88-ე წუთზე “დეპორტივოს” რბევა იმან დაასრულა, ვინც დაიწყო – ნაჩომ მშვენივრად ითამაშა და ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა – 7:1.
სამაგიეროდ, იმარჯვა მეორე გალისიურმა კლუბმა “სელტამ”, რომელმაც გასვლაზე “სოსიედადს” აჯობა. ვიგოელთათვის შეხვედრა ცუდად დაიწყო, ვილიან ჟოზემ მე-10 წუთზე ბასკები თავური დარტყმით დააწინაურა, თუმცა იაგო ასპასმა პენალტით ათ წუთში გაათანაბრა. 25-ე წუთზე პენალტი უკვე “სელტას” კარის მიმართულებით დაინიშნა, მაგრამ ვილიან ჟოზემ ბურთი ხარიხას გაარტყა. სტუმრებს მაქსიმილიანო გომესმა მოაგებინა, რომელმაც 75-ე წუთზე ზუსტი თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
მიმდინარე სეზონში ფრე პირველად ითამაშა “ალავესმა”, თუმცა ამით გახარებულები ნამდვილად არ იქნებიან, რადგან მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ბასკები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უყურადღებოდ ითამაშეს და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება.
ალავესი – ლეგანესი 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 ელ ჰადადი (46), 2:0 ალფონსო (52), 2:1 გაბრიელი (75), 2:2 ზალდუა (90)
გაძევება: ელი (87 ა.)
რეალი – დეპორტივო 7:1 (2:1)
გოლები: 0:1 ადრიანი (23), 1:1, 7:1 ნაჩო (32; 88), 2:1, 3:1 ბეილი (42; 58), 4:1 მოდრიჩი (58), 5:1, 6:1 რონალდუ (78; 84)
სოსიედადი – სელტა 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (10), 1:1 ასპასი (20 პენ.), 1:2 მ.გომესი (75)
25-ე წუთზე ვილიან ჟოზემ პენალტი ვერ გაიტანა
ბეტისი – ბარსელონა 0:5 (0:0)
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (59), 0:2, 0:4 მესი (64; 80), 0:3, 0:5 ლ.სუარესი (69; 89)