ფეხბურთი

23:55 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” ქულები დაკარგა

პრემიერლიგის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. “საუთჰემპტონი” “სენტ მერი სთედიუმზე” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ტოტენჰემს” დაუხვდა და ორი ქულა დააკარგვინა.

მატჩის მთავარი მოვლენები საწყის ოც წუთში განვითარდა. მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგზე რაიან ბერტრანმა იყოჩაღა და კარის გასვრივ კარგად ჩააწოდა, სადაც ბურთს დავინსონ სანჩესი ცუდად დაუხვდა და ავტოგოლი გაიტანა. მასპინძელთა სიხარულმა მხოლოდ სამ წუთს გასტანა, ბენ დევისის მიერ მოწოდებული კუთხური ჰარი კეინის ზუსტი თავურით დასრულდა.

თამაში დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მეორე გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მასპინძელთაგან ამის გაკეთება სტეფენსს და ბუფალს შეეძლოთ, ხოლო ლონდონელთაგან მიზანთან ახლოს სისოკო, კეინი და ლამელა იყვნენ, თუმცა შეტევის ზუსტად დაგვირგვინება ვერ შეძლეს და “დეზებმა” საჭირო ორი ქულა დაკარგეს - 1:1.

“ტოტენჰემი” 45 ქულით მე-5 ადგილზეა და თუ დღეს “ლივერპული” “სუონსის” მოუგებს, მათ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება. “საუთჰემპტონს” 22 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-18 საფეხურზე იმყოფება.

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 1:1 (1:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): მაკკარტი, ჰოედტი, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, ლემინა (ს.დევისი 80), რომეუ, ჰიობერგი (ბუფალი 65), ტადიჩი, უარდ-პროუსი, გაბიადინი (ობაფემი 82).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი, დ.სანჩესი, ვერტონგენი, ბ.დევისი, ორიე (ტრიპიერი 72), დემბელე (ვანიამა 85), დაიერი, სონი (ლამელა 70), ალი, სისოკო, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 დ.სანჩესი (15 ს.კ.), 1:1 კეინი (18)
გაფრთხილებები: სტეფენსი, რომეუ – სისოკო, დემბელე, ტრიპიერი
მსაჯი: კევინ ფრენდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114158