ფეხბურთი

3:20 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლოგიკური დღე

პრემიერლიგის 24-ე ტურის პირველმა სათამაშო დღემ ლოგიკურად ჩაიარა. “დიდი ექვსეულის” ოთხმა გუნდმა ითამაშა და დაგეგმილი 3 ქულა ოთხივემ მოიპოვა.

დღის გახსნით მატჩში “ჩელსი” გასვლაზე “ბრაიტონს” დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა. ლონდონელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და მე-6 წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ჯერ ედენ აზარმა ისარგებლა მცველების შეცდომით და ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო შემდეგ ვილიანმა დაასრულა ულამაზესი კომბინაცია. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. სამაგიეროდ, “არისტოკრატებმა” მეორე ნახევრის ბოლოსკენ იფეთქეს: 77-ე წუთზე ედენ აზარმა კონტრშეტევაზე წამოიღო ბურთი, მასპინძელთა მცველები დაყარა და დუბლი გაიფორმა, ხოლო 89-ე წუთზე მუსონდას ჩინებული გადაცემა ვიქტორ მოზესმა შეირგო და ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “არსენალმა”, რომელმაც შინ თანაქალაქელი “კრისტალ პალასი” მიიღო. შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართათვის კოშმარული გამოდგა და შეხვედრის ბედი ძალიან მალე გადაწყდა. 22-ე წუთისთვის მასპინძლები უკვე 4:0-ს იგებდნენ, ამის შემდეგ კი თავი დიდად აღარ მოუკლავთ და მატჩის ბოლოსკენ მილივოიევიჩმა ერთი ბურთის გაქვითვაც მოახერხა – 4:1.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლს” დაუხვდა და დაგეგმილი გამარჯვება, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოიპოვა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა სერხიო აგუერო, რომელსაც 16 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. სტუმართაგან პრესტიჟის ბურთი მერფიმ შეაგდო – 3:1.

სამაგიეროდ, გამარჯვება ძალიან გაუჭირდა მეორე მანჩესტერულ კლუბს. “იუნაიტედი” გასვლაზე “ბარნლის” დაუპირისპირდა, ვერაფრით აჯობა და გარკვეულწილად გაუმართლა, რომ შინ უდანაკარგოდ დაბრუნდა. “წითელი ეშმაკები 54-ე წუთზე მარსიალმა ლამაზი დარტყმით დააწინაურა. ამის შემდეგ კი, მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლოთ, გუდმონდსონმა ბურთი ხარიხასაც გაარტყა, თუმცა დე ხეას კარის აღება ვერავინ შეძლო და “იუნაიტედმა” იმარჯვა – 0:1.

“ლესტერმა” “კინგ პაუერ სთედიუმზე” “უოტფორდი” მიიღო და ჯეიმი ვარდის და რიად მაჰრეზის გოლებით აჯობა. “სტოკმა” “ჰადერსფილდს” უმასპინძლა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო “ევერტონი” – “ვესტ ბრომვიჩის” და “ვესტ ჰემი” – “ბორნმუთის” დაპირისპირებები ფრედ 1:1 დასრულდა.

ბრაიტონი – ჩელსი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1, 0:3 აზარი (3; 77), 0:2 ვილიანი (6), 0:4 მოზესი (89)

არსენალი – კრისტალ პალასი 4:1 (4:0)

გოლები: 1:0 მონრეალი (6), 2:0 აივობი (10), 3:0 კოშელნი (13), 4:0 ლაკაზეტი (22), 4:1 მილივოიევიჩი (78)

ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:0)

გოლი: მარსიალი (54)

ევერტონი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჯ.როდრიგესი (7), 1:1 ნიასე (70)

ლესტერი – უოტფორდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვარდი (39 პენ.), 2:0 მაჰრეზი (91)

სტოკი – ჰადერსფილდი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ალენი (53), 2:0 დიუფი (69)

ვესტ ჰემი – ბორნმუთი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ფრეისერი (71), 1:1 ჩიჩარიტო (73)

მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:1 (34; 63 პენ; 84), 2:1 მერფი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145877