კალათბურთი

1:30 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ევროლიგური MVP და დრამატული მარცხი

ევროლიგის მე-19 ტურში მორიგი მარცხი განიცადა “სასკი ბასკონიამ”. ესპანური გუნდი ისევე, როგორც წინა ტურში, ამჯერადაც დრამატულ შეხვედრაში გამოვიდა დამარცხებული.

ბასკებმა მილანის “ექსჩეინჯ არმანის” უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ჩააგდეს, შემდეგ მატჩის შემობრუნება მოახერხეს. და მაინც, მატჩის ბოლო წამზე(!) არტურას გუდატისმა ზუსტი ორქულიანით იტალიელებს მოაგებინა (83:82). ესპანელებს თამაშის გადასარჩენად ფაქტობრივად დრო აღარ ჰქონდათ, თუმცა წამის მეასადებში თორნიკე შენგელიამ სცადა სიტუაციის გამოსწორება, რაც ძნელი გასაკეთებელი იყო და არც გამოუვიდა – “ბასკონიამ” მიჯრით მეორე თამაში წააგო ბოლო წამებზე.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ჩვენებურმა 26:45 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 17 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი საუკეთესო იყო ორივე გუნდის რიგებში, როგორც ქულების მხრივ (17), ისე მოხსნების (12) და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით (29). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი იქნებოდა, ბოლო წამს ზუსტად რომ ესროლა, ან საერთოდ არ შეეტია მეტოქის კალათისთვის.

“ბასკონია” კი ისევ მეცხრე ადგილზეა (8 მოგება, 11 წაგება). ბასკური გუნდი მომდევნო ტურში 25 იანვარს, გიორგი შერმადინის “უნიკახას” ანდალუზიაში ესტუმრება.

0.115236