ვეტერანი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ფეიენოორდში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა.
შეიძლება ითქვას, რობინი სახლში დაბრუნდა. ვან პერსიმ სახელი სწორედ როტერდამულ გუნდში თამაშით გაითქვა, რომლის რიგებში 2002 წელს უეფას თასი მოიგო. “ფეიენოორდის” რიგებში 2001-2004 წლებში თამაშობდა და 61 თამაშში 15 გოლი გაიტანა. ჰოლანდიელი კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს.
შემდეგ კი მისი კარიერის ოქროს ხანა დადგა, რომელიც “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირდება. 2015 წლიდან კი “ფენერბახჩეს” შემადგენლობაში ირჯებოდა.
ვან პერსის ჰოლანდიის ნაკრებში 102 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი. 2010 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.