კალათბურთი

10:27 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ჩიკაგოში: ყველაზე მეტი მოხსნა, კარიზე მეტი პასი და გამარჯვება “ბულსთან” (+VIDEO)

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში და “გოლდენ სტეიტის” მორიგ გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ოკლენდელებმა “ჩიკაგო” 119:112 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-14 გასვლითი მატჩი მოიგეს. ეს შედეგი ნბა-ს ისტორიაში მესამეა, ხოლო რეკორდი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უპყრია, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში მიჯრით 16 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

მატჩის გმირი გახდა კლეი ტომპსონი, რომელმაც მატჩის მიწურულს, ჩამორჩენის შემცირებით ეგზალტირებულ ჩიკაგოელებს 2 ორქულიანი ჩაუგდო, ჯამში კი 38 ქულას უწია. 30 ქულა მოინაგრა სტეფ კარიმ, კევინ დიურანტი კი 19 ქულას “დასჯერდა”.

რაც შეეხება ზაზას: ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთით გაატარა. ფაჩულიას 11 მოხსნა მატჩში საუკეთესო იყო, ხოლო 5 პასით მან ამ შეხვედრაში სტეფ კარის აჯობა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან სამივე ორქულიანიც ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასით დაასრულა. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში “გოლდენ სტეიტმა” 31 ქულით აჯობა “ჩიკაგოს”. ამ მაჩვენებელში ფაჩულია მხოლოდ კევონ ლუნის (+33) ჩამორჩა. ხოლო კარისა და დიურანტის ფიცარნაგზე ყოფნისას “მეომრებმა” “ხარებზე” 21 ქულით მეტი ჩააგდეს.

ჩიკაგოში გამარჯვებით “გოლდენ სტეიტმა” ლიგის ლიდერობა გაიმყარა და სადღეისოდ 37 მოგების წილ 9 მარცხი გააჩნია. მორიგი მატჩი ზაზას გუნდს კვლავ გასვლაზე აქვს – 21 იანვარს დასავლეთის ერთ-ერთ ბობოლა “როკეტსს” ჰიუსტონში დაუპირისპირდება.

gbf.ge

0.12385