უელსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი რაიან გიგზი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. უელსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 44 წლის სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გიგზმა კრის კოულმენი შეცვალა, რომელმაც პოსტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შემდეგ დატოვა. კოულმენი უელსის ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნიდა და დიდ წარმატებას მიაღწია ევრო 2016-ზე - გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც უელსელებმა მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვეს, კოულმენმა წასვლა არჩია და ამჟამად “სანდერლენდში” მუშაობს.
რაც შეეხება გიგზს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წლიდან დაიწყო. ერთი პერიოდი ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მერე კი ლუის ვაან გაალის თანაშემწე, თუმცა მანჩესტერში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ მშობლიური გუნდის დატოვება მოუწია. გიგზი უელსის ეროვნულ ნაკრებში 1991-2007 წლებში თამაშობდა (64 მატჩი, 12 გოლი).