ფეხბურთი

14:22 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ზამთრის თასის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტურნირების ჩატარება ყოველთვის მისასალმებელია.

“წლევანდელი გათამაშება ძალიან საინტერესო გამოვიდა. მით უმეტეს, რომ გავიმარჯვეთ და ეს ყოველთვის სასიხარულოა. იყო სიახლე იტალიის სახით, ასევე უეფას ჰყავდა გაცილებით ძლიერი გუნდი, ვიდრე ერთი წლის წინ. საერთო ჯამში ეს ყველაფერი სანახაობრივად ძალიან კარგი გამოდგა და გულშემატკივარმა ისიამოვნა. ქომაგთათვის ყოველთვის სასიამოვნოა საყვარელი ფეხბურთელების მოედანზე კიდევ ერთხელ ხილვა. გვიხარია, რომ ამ ტრადიციას საფუძველი ჩავუყარეთ და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში კარგია ასეთი ტურნირების ჩატარება, რადგან საქართველოში ამ დროს ჩემპიონატი არ ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 14 წლამდე გუნდებმაც. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა.

ეს ტურნირი ეროვნული ლიგის გუნდებსაც გამოადგება. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როდესაც გერმანიაში ვთამაშობდი, ყოველთვის ტარდებოდა მსგავსი ტურნირები და ალბათ მოსამზადებელი პერიოდისთვის ყოველთვის კარგია ის, რომ ბევრ გუნდს აქვს საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახოს, თუნდაც ის ფეხბურთელი, რომელსაც აკვირდება. საკმაოდ დატვირთულია 1 დღის განმავლობაში ამდენი თამაშის ჩატარება. იმ ეტაპისთვის, რა ეტაპზეც ჩვენი გუნდები იმყოფებიან, ეს ძალიან კარგია.

ჩვენი მიზანია ყოველ ჯერზე გავაფართოვოთ ტურნირი. წელს დავამატეთ 14 წლამდელები, მომავალ წელსაც ახალ სიახლეს შემოვიტანთ. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ყველა ჩავრთოთ ახალგაზრდებიც და ვეტერანებიც და არ გამოვრიცხავ, მომავალ ტურნირებზე სხვა სასიამოვნო სიახლეებსაც”, – განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თასს ვეტერან ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები დაეუფლა, ქართველებმა ფინალში ესპანეთის ნაკრებს 6:3 სძლიეს. ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებს შორის თბილისის “ლოკომოტივმა” იმარჯვა, 14-წლამდელთა ტურნირი კი “საბურთალომ” მოიგო.

0.119619