გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იმ დარბაზში, სადაც წინა კვირაში “ბარსელონამ” მოსკოვის ცსკა დაამარცხა, მალაგელებმა კატალონიურ გუნდს აჯობეს. “უნიკახამ” ბარსელონურ გრანდს 76:73 მოუგო, თუმცა ბოლო პერიოდის დაწყებამდე 23 ქულით იგებდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწვეტილი იყო. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და საქმე გამთანაბრებელ სამქულიანამდე მიიყვანეს, რომელიც საფინალო სირენის თანხლებით მალაგელთა ფარში არ ჩაეშვა.
ამ ხმაურიან გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც მალაგური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე არასრული 18 წუთი გაატარა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე მთლიანობაში 11 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20-ს უწია, რაც ამ მაჩვენებელში საუკეთესო კარლოს სუარესის მონაგარზე 4-ით ნაკლებია. სუარესმა შეხვედრა 14 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. “ბარსელონაში” კი საუკეთესო შედეგი 17 ქულით პიერ ორიოლამ დააფიქსირა.
16 ტურის შემდეგ “უნიკახას” 9 მოგება აქვს და ცხრილში 5-8 ადგილებს ანალოგიური შედეგის მქონე გუნდებთან – “ბასკონიასთან”, “გრან კანარიასთან” და “ტენერიფესთან” იყოფს. მომდევნო ტურის შეხვედრას შერმადინის გუნდი 21 იანვარს, შინ კონკურენტ “გრან კანაარიასთან” ჩაატარებს.
gbf.ge