ისტორია

2:40 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” ნავსი ბრწყინვალე “ქამბექით” გატეხა

ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, “ბარსელონამ” 2007 წლის შემდეგ “ანოეტაზე” პირველად იმარჯვა. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა და თამაშის საწყისი 35 წუთის მიხედვით, სტუმრები უშანსოდ გამოიყურებოდნენ.

მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მრისხანე მეტოქეს შეტევების კორიანტელი დაატეხეს თავს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და მე-11 წუთზე ვილიან ჟოზემ ჩინებული თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ბასკები გატანილი გოლის შემდეგაც აქტიურობდნენ და სათამაშო ინიციატივას ფლობდნენ. მეორე ბურთიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა საკამათო ვითარებაში ივან რაკიტიჩზე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. მასპინძლებმა სულ მალე მეორე გოლი მაინც გაიტანეს: 34-ე წუთზე სერხიო კანალესმა ჩინებული გადაცემა გაუკეთა ხუანმის, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი სერხი რობერტოს მოხვდა და ტერ შტეგენის კარში შევარდა.

სტუმრები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ. არაფერი არ გამოსდიოდათ და მთელი 35 წუთი ისე გაილია, რომ რულის კარის მიმართულებით ბურთი საერთოდ არ წასულა. “ჩური ურდინისთვის” საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, თუმცა ერთი შეტევა მაინც გამოეპარათ და თამაშის სცენარიდან გამომდინარე, კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი ბურთი მიიღეს: მასპინძელთა მცველებს ლუის სუარესი გამოეპარათ, რომელმაც პაულინიოს ახლო მანძილიდან გაატანინა და ამ გოლმა შეხვედრის სურათი მთლიანად შეცვალა.

მეორე ნახევარში “ბარსელონა” ბევრად უკეთესი გამოვიდა და თამაში შეცვალა. თუ პირველ ტაიმში უფრო დიდხანს სტუმრები ფლობდნენ ბურთს და მომენტებს მასპინძლები ქმნიდნენ, დასკვნით 45 წუთში პირიქით იყო. წონასწორობა ძალიან მალე აღდგა, 50-ე წუთზე ლუის სუარესმა ხერონიმო რულის ულამაზესი ბურთი ჩაუსვა შორეულ კუთხეში. ოც წუთში კატალონიური გრანდი უკვე წინ გავიდა: არგენტინელმა კიპერმა ბურთი მთლად კარგად ვერ აიტანა და მოედნის ცენტრიდან ტომას ვერმაელენმა თავით გაკეთებული მშვენიერი გადაცემით ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელსაც დუბლის შესრულება არ გასჭირვებია, 85-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 2:4.

“ბარსელონამ” 11-წლიანი წარუმატებელი სერია შესანიშნავი “ქამბექით” დაასრულა და “ატლეტიკოს” და “ვალენსიას” მოახლოების საშუალება კვლავ არ მისცა.

ცუდად დაიწყო ვიჩენცო მონტელას ესპანური კარიერა. წინა ტურში “სევილია” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ბეტისთან” დამარცხდა, ხოლო ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ, “ალავესთან” დარჩა უქულოდ. ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე მანუ გარსიამ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა, რომლითაც ბასკური კლუბი გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. “სევილიამ” კი მე-5 ადგილი “ვილიარეალს” დაუთმო.

“სელტამ” სისტოს გოლით გასვლაზე “ლევანტეს” სძლია, ხოლო “ესპანიოლის” და “ბილბაოს” კატალონიურ-ბასკური ჯახი ფრედ 1:1 დასრულდა.

ლევანტე – სელტა 0:1 (0:1)

გოლი: სისტო (37)

ალავესი – სევილია 1:0 (0:0)

გოლი: მ.გარსია (52)
გაძევება: რ.დუარტე (83 ა.)

ესპანიოლი – ბილბაო 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ხ.მორენო (29), 1:1 უილიამსი (35)

სოსიედადი – ბარსელონა 2:4 (2:1)

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (11), 2:0 ხუანმი (34), 2:1 პაულინიო (39), 2:2, 2:3 ლ.სუარესი (50; 71), 2:4 მესი (85)

თეგებილა ლიგა
0.137929