ფეხბურთი

0:55 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსიმ” ქულები დაკარგა, “ტოტენჰემმა” – გაილაღა

პრემიერლიგის 23-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ლესტერს” დაუხვდა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა.

მასპინძლებმა სათანადოდ ნამდვილად ვერ ითამაშეს და შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, ფრე ალოგიკური შედეგი ნამდვილად არაა. “ლესტერმა” თამაში შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში ორჯერ შეეძლოთ გატანა: შინჯი ოკაზაკის მიზანმა ოდნავ უმტყუნა, ხოლო ნდიდის თავურს ტიბო კურტუა გაუმკლავდა. “არისტოკრატების” მხრიდან პირველ ნახევარში ორი ძალიან კარგი მომენტი შეექმნა სესკ ფაბრეგასს, რომელსაც კასპერ შმეიხელმა რთული ბურთები აუღო.

“ლესტერი” აქტიურობას მეორე ნახევარშიც განაგრძობდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა რიად მაჰრეზი, რომელიც ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნასაც ითხოვდა, თუმცა მაიკ ჯონსმა ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა. შეხვედრის სურათი 68-ე წუთზე შეიცვალა, სტუმრებს უხეშობისთვის ჩილუელი გაუძევეს და აქედან მოყოლებული “ჩელსი” დიდ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა “მელიებმა” კარის მშრალად შენახვა შეძლეს და საპატიო ქულა მოიპოვეს - 0:0.

“ტოტენჰემი” “უემბლიზე” “ევერტონს” დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა. მასპინძლებმა ტაიმი სონის გოლით მოიგეს, რომელსაც ორიემ ცარიელ კარში გაატანინა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სონმა ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და კეინს გაატანინა, ხოლო 59-ე წუთზე ჰარიმ უკვე დაიერის პასი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. მერსისაიდელთა რბევას 81-ე წუთზე ბოლო კრისტიან ერიკსენმა მოუღო – 4:0.

გამარჯვების გემო გაიხსენა “ვესტ ბრომვიჩმა”, რომელმაც “ბრაიტონს” უმასპინძლა და აგვისტოს შემდეგ პირველად იმარჯვა. “კრისტალ პალასმა” საკოს გოლით შინ “ბარნლის” სძლია, “ვესტ ჰემმა” გასვლაზე “ჰადერსფილდი” გაანადგურა, ხოლო “ნიუკასლი” – “სუონსის” და “უოტფორდი” – “საუთჰემპტონის” დაპირისპირებები ფრედ დასრულდა.

ჩელსი – ლესტერი 0:0

გაძევება: ჩილუელი (68 ლ.)

კრისტალ პალასი - ბარნლი 1:0 (1:0)

გოლი: საკო (21)

ჰადერსფილდი – ვესტ ჰემი 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 ნობლი (25), 1:1 ლოლი (40), 1:2 არნაუტოვიჩი (46), 1:3, 1:4 ლანცინი (56; 61)

ნიუკასლი – სუონსი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჯ.აიუ (60), 1:1 ხოსელუ (68)

უოტფორდი – საუთჰემპტონი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 უარდ-პროუსი (20; 44), 1:2 ა.გრეი (58), 2:2 დაკური (90)

ვესტ ბრომვიჩი – ბრაიტონი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯ.ევანსი (4), 2:0 დოუსონი (55)

ტოტენჰემი – ევერტონი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 სონი (26), 2:0, 3:0 კეინი (47; 59), 4:0 ერიკსენი (81)

0.114365