კალათბურთი

10:45 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონიამ" "ოლიმპიაკოსს" გაკვეთილი ჩაუტარა

ევროლიგის მე-17 ტურში “სასკი ბასკონიამ” ერთ-ერთი ლიდერი “ოლიმპიაკოსი” გააცამტვერა. არადა, პირეოსელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 5-ქულიანი ჰანდიკაპიც შეიქმნეს, მაგრამ ვაი... მერე ესპანურმა გუნდმა მეტოქეს უბრალოდ გადაურბინა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა მესამე მეოთხედი – “ბასკონიამ” აღნიშნულ 10-წუთეულში 36:14 გაიმარჯვა და ბუნებრივია მრისხანე მოწინააღმდეგეს საგრძნობლად გაექცა. საბოლოოდ – 86:54.

და, ამ ფონზე, უცნაურია, რომ ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი გამორჩეული არ ყოფილა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე მისთვის უჩვეულოდ ცოტა დრო გაატარა – 15:43 წუთი და საკუთარ გუნდს 9 ქულით, 4 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა.

შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო კალათს ააცილა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 ერთეული შეადგინა.

ესპანელთა რიგენში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი გამოდგა, რომელმაც არასრულ 14 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

“ბასკონიას” 17 ტურის თავზე 8 მოგებითა და 9 წაგებით მეცხრე პოზიცია უკავია და პლეი-ოფის ზონაში შეღწევას ცდილობს. ესპანელები მომდევნო ტურში 17 იანვარს, “რეალს” ესტუმრებიან.

0.895118