წარმატებული იტალიელი მეჩოგნე ქალი, კამილა ჯორჯი არამხოლოდ ჩოგნის მარჯვედ ქნევით, არამედ თამამი პოლიტიკური განცხადებებითაც გამოირჩევა და თვე არ გავა ისე, რაიმე მნიშვნელოვანი და ხშირად სკანდალური ფრაზები რომ არ დასცდეს სენიორიტა კამილას ბაგეს.
მიუხედავად იმისა, რომ კამილა ჯორჯი იტალიაშია დაბადებული და გაზრდილი და შესაბამისად, იტალიის სახელითაც მეჩოგნეობს, იგი წარმოშობით არგენტინელია და მამამისი სერხიო, არგენტინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი გახლდათ, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ფოლკლენდის კუნძულების გამო ბრიტანეთთან მარცხი.
კამილა ჯორჯის ამასწინანდელი პოლიტიკური განცხადებაც სწორედ ფოლკლენდის კუნძულებს უკავშირდება. არგენტინული ფესვების მქონე იტალიელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ იგი მამამ არამხოლოდ იტალიის, არამედ არგენტინის პატრიოტადაც გაზარდა და დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის მიერ წართმეული ფოლკლენდის კუნძულები არგენტინას აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. ასეთი მტკიცედ თავდაჯერებული პატრიოტი სპორტსმენები ქართულ სპორტსაც დაამშვენებდა...