ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა “გაგრამ” ახალი სეზონისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. გუნდი თემქაზე, შატილის სტადიონზე შეიკრიბა და უკრაინელი დენის ხომუტოვის თავკაცობით ივარჯიშა. გაგრა 12 იანვრიდან „ზამთრის თასზე“ ჩაერთვება. გუნდმა შარშან ეს ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა.
კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გასულ სეზონში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, გუნდში მხოლოდ ხუთნი დარჩებიან: თორნიკე გაფრინდაშვილი, ვასილ ხოსიტაშვილი, გოჩა ცირდავა, ლევან ისიანი და ლევან პაპავა. გუნდს შეუერთდება უკრაინელი მეკარე ვადიმ შევჩუკიც.
დანარჩენ ფეხბურთელებს კლუბთან ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურათ და კლუბის ხელმძღვანელობას მათთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება არ უწარმოებია.
რამდენიმე მოთამაშის დამატება უკვე გადაწყვეტილია და მალე გაცხადდება მათი ვინაობა. რამდენიმესთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.