სამი კვირის წინ, ჩემპიონშიფის ბინადარმა "ბრისტოლ სიტიმ" საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, როდესაც ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალიდან თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიფრინა. შესაბამისად, ლი ჯონსონის გუნდი ნახევარფინალში გავიდა და უკვე მეორე მანჩესტერულ გუნდზე, "სიტიზე" გაიწია.
ბევრს განწირული ეგონა "ბრისტოლი" - ადვილი საქმეა ახლა, ამ პერიოდში "ქალაქელბთან" ჭიდილი და თან მათსავე მოედანზე?! მაგრამ, თურმე არც ასეა საქმე...
პირველი ტაიმის მიწურულს "ეტიჰად სთედიუმზე" დიდი სენსაციის სუნი დადგა. ბობი რიდის ზუსტი პენალტით სტუმრები დაწინაურდნენ. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯონსონის გმირ ბიჭებს "სიტის" სწრაფი და თავბრუდამხვევი შეტევა გამოეპარათ და კევინ დე ბრუინმა გაათანაბრა, მაგრამ არც 1:1 იქნებოდა ურიგო და არაფრის მთქმელი შედეგი.
და მაინც, "ბრიტოლ სიტის" კიდევ ერთ უდიდეს სენსაციამდე ზუსტად 1 წუთი დააკლდა. 1 წუთი, 1 თავდაცვა და 1 უყურადღებობა. ბერნარდო სილვას ჩაწოდების შემდეგ სტუმართა დაცვა ჩავარდა და კუნ აგუერომ პეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ მაინც გადაწონა.
2:1 - ახლა, წინ საპასუხო მატჩია და პატარა ბრისტოლელი გმირები საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გადახოტმას შეეცდებიან. სასწორზე ფინალის საგზური დევს!