ფეხბურთი

3:18 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალი” “ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა

ლა ლიგის პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურიღა რჩება, თუმცა გათამაშების ლიდერი უკვე ძალიან გამოკვეთილია. “ბარსელონა” უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” 9, ხოლო მე-3 ადგილოსან “ვალენსიას” 11 ქულით უსწრებს. მას შემდეგ კი, რაც “რეალმა” მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა, “სამეფო კლუბს” და “ბლაუგრანას” შორის სხვაობა 16 ქულა გახდა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული და გამარჯვების შემთხვევაში, ჩამორჩენა 13 ქულამდე შემცირდება.

“ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “ლევანტეს” დაუხვდა და 3 ქულა მარტივად მოიპოვა. კატალონიელებმა მეტოქე ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე დაჩაგრეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მასპინძლებს სამივე გოლი ძალიან ლამაზი გამოუვიდათ. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, ხორდი ალბას და ლიონელ მესის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. 38-ე წუთზე კი ლუის სუარესმა შესანიშნავი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. “ბლაუგრანამ” მესამე გოლი შეხვედრის ბოლო წამებზე გაიტანა: მესის შესანიშნავი გარჯა პაულინიომ დაუფასა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 3:0.

აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით 132-ე გოლი გაიტანა, სამუელ ეტო'ოს გადაუსწრო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

“სელტა” ესპანეთის თასზე ხუთშაბათს “ბარსელონას” დაუპირისპირდა, მშვენივრად ეთამაშა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ახლა კი გალისიური კლუბი მეორე გრანდს დაუპირისპირდა, მასაც არაფერი დაუთმო და ქულა მოიპოვა, თუმცა შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, ვიგოელებს მოგებაც შეეძლოთ. მასპინძლებმა დაწინაურება ძალიან ლამაზი გოლით მოახერხეს, იაგო ასპასმა ვასი მეკარესთან პირისპირ დატოვა და დანიელმა მოთამაშემ კეილორ ნავასს ბურთი აუღელვებლად გადაუგდო თავზე. “სელტას” ორიოდე წუთში კიდევ ერთი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მაქსიმილიანო გომესმა სათანადოდ ვერ ითამაშა, “რეალმა” კი უმალ უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელა და ტონი კროოსის ჩინებული გადაცემით გარეთ ბეილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ორიოდე წუთში უკვე ისკოს პასი გამოიყენა და “სამეფო კლუბს” ტაიმი მოაგებინა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, ხოლო მადრიდელები ძირითადად კონტრშეტევებით პასუხობდნენ მეტოქეს. “სელტას” აქტიურობამ შედეგი 71-ე წუთზე გამოიღო, როდესაც “რეალის” დაცვა, რომელიც სერხიო რამოსის გარეშე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ჩავარდა და იაგო ასპასი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ესპანელი ფორვარდი წაექცია. კოსტა-რიკელმა კიპერმა ივარგა და ასპასის 11-მეტრიანი მოიგერია, თუმცა “რეალმა” ანგარიში მაინც ვერ შეინარჩუნა: 82-ე წუთზე სტუმართა დაცვა კიდევ უფრო უხეშად შეცდა და მაქსიმილიანო გომესი ყველამ უმეთვალყურეოდ დატოვა, რომელმაც დაახლოებით ხუთი მეტრიდან უძლიერესი თავური დარტყმით გაათანაბრა.

გაშვებული გოლის შემდეგ “რეალმა” შეუტია და მოგებაც შეეძლო. 90-ე წუთზე ლუკას ვაზკესს 100%-იანი საგოლე შანსი შეექმნა, თუმცა ზუსტად იქ დაარტყა, სადაც მეკარე იდგა და ბლანკომ ბურთის მოგერიება შეძლო – 2:2.

“ვილიარეალი” შინ “დეპორტივოს” დაუხვდა და ენეს უნალის გოლით იგებდა კიდეც, თუმცა 84-ე წუთზე ფლორინ ანდონესგან გაუშვა და დაუგეგმავი ორი ქულა დაკარგა. “ბილბაომ” ბასკურ დერბიში “ალავესს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლოო “ლეგანესმა” გაბრიელის გოლით შინ “სოსიედადს” აჯობა.

ლეგანესი სოსიედადი 1:0 (0:0)

გოლი: გაბრიელი (75)

ბარსელონა ლევანტე 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 ლ.სუარესი (38), 3:0 პაულინიო (93)

ბილბაო ალავესი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ეჩიტა (8), 2:0 ადურისი (64 პენ.)

ვილიარეალი დეპორტივო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 უნალი (30), 1:1 ანდონე (84)

სელტა რეალი 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ვასი (33), 1:1, 1:2 ბეილი (36; 38), 2:2 მ.გომესი (82)

72-ე წუთზე ასპასმა (ს) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
0.164289