ფეხბურთი

4:18 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: საფეხბურთო ზეიმი სევილიაში

სევილიური დერბი ყოველთვის ძალიან კარგი სანახავია. მუდამ დაუნდობელი ბრძოლა, გადამეტებული ემოციები, დაძაბულობა, ბევრი ბარათი და საოცარი ატმოსფერო სტადიონზე – ეს ყველაფერი “სევილიას” და “ბეტისის” შეხვედრების მუდმივი ნიშნებია. ხშირ შემთხვევაში ლამაზი თამაშებიც გამოდის, თუმცა არა ისეთი, როგორიც რამდენიმე საათის წინ ვიხილეთ.

“სანჩეს პისხუანზე” შეკრებილმა პუბლიკამ ბრწინვალე ფეხბურთი იხილა. ზემოთ ჩამოთვლილ სათამაშო კომპონენტებს რომ თავი დავანებოთ, გულშემატკივარმა 8 გატანილი გოლი იხილა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთადერთი, რითაც სტადიონზე მისული ქომაგების უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩებოდა, შეხვედრის საბოლოო შედეგია. მასპინძლები დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო ჩამორჩებიან.

“ბეტისზე” და კიკე სეტიენზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა ასეთი მატჩის შემდეგ, არ შეიძლება, ამ მწვრთნელს გვერდი უბრალოდ ჩავუაროთ. 59 წლის სპეციალისტის მოსვლის შემდგომ, “მწვანეების” სათამაშო სტილი მთლიანად გარდაიქმნა და უმეტეს შემთხვევებში, ეს გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს გვთავაზობს, რომელიც შემტევ და კომბინაციურ თამაშზეა ორიენტირებული, დიდხანს ფლობს ბურთს. კიკე სეტიენის გუნდებისთვის ეს დამახასიათებელია, “ლას პალმასიც” ზუსტად ასე თამაშობდა და მისი წამოსვლის შემდეგ, რა დღეშიცაა კი ვხედავთ. ამ მომენტისთვის “ბეტისს” 30 გოლი აქვს გატანილი, იმდენივე რამდენიც მადრიდის “რეალს” და “სელტას”, “სოსიედადს” 31 ბურთი აქვს აქტივში, “ვალენსია” და “ბარსელონა” კი ამ მხრივ ჯერჯერობით შეუდარებლები არიან. სათამაშო სტილიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ დაცვა შედარებით მოშიშვლებულია და სტატისტიკაში ესეც მშვენივრად აისახება: ანდალუსიელებს 34 ბურთი აქვთ მიღებული და ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ “ლას პალმასს” აქვს.

“სევილიას” პირველად გაუძღვა ვიჩენცო მონტელა, რომელსაც “დალაქებისთვის” ყველაზე პრინციპულ მატჩში ჰქონდა დებიუტი და მისდა სამწუხაროდ, სტარტი წარუმატებელი გამოუვიდა. იტალიელმა სპეციალისტმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, ხოლო მისი ვიზავი 4-3-3 სქემას დაეყრდნო.

შეხვედრა მშვენივრად დაიწყო (ოღონდ მასპინძელთათვის არა) და 90 წუთის განმავლობაში ასევე ლამაზად და მხიარულად გაგრძელდა. “სევილიამ” ცენტრიდან შეიყვანა თუ არა ბურთი, მაშინვე დაკარგა, რითაც ხოაკინმა ისარგებლა, ფაბიან რუისს უპასა და მანაც საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით ანგარიში 22-ე წამზე გახსნა. “დალაქებმა” უმალ შეუტიეს და მე-13 წუთზე წონასწორობაც აღადგინეს: სერხიო ესკუდერომ სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვისამ ბენ იედერმა იყოჩაღა და უნაკლო დარტყმით გაათანაბრა.

ცოტა ხანში “სევილია” კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მდევრის როლში, 21-ე წუთზე ხოაკინმა სტანდარტულიდან ძალიან კარგად ჩააწოდა და ფედალმა უძლიერესი თავური დარტყმით სერხიო რიკოს კარი აიღო. მასპინძლები კვლავ გააქტიურდნენ და სამ წუთში ესკუდეროს შეეძლო გატანა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა “დალაქებმა” ტაიმის მიწურულს მაინც გაათანაბრეს: მე-40 წუთზე სიმონ კიაერმა დაცვის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და თავით შეაგდო. ტაიმი 2:2 დასრულდა.

სტუმრებმა მეორე ნახევარიც ძალიან კარგად დაიწყეს და ანდრეს გუარდადოს მალევე შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია. “მწვანეებმა” წინ გასვლა მაინც მოახერხეს: 63-ე წუთზე რიად ბუდებუზმა უნაკლო გადაცემა გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ დურმისის, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია, კიდევ ორ წუთში კი კრისტიან ტელომ დიდებული გადაცემით სერხიო ლეონი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმაც ისე შეასრულა, რომ ნებისმიერი ტოპ ფორვარდი მოაწერდა ხელს.

“სევილიამ” რასაკვირველია გაიბრძოლა და 67-ე წუთზე ლენგლემ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შეძლო და ბოლო წამებზე აქეთ გაუშვა: 94-ე წუთზე მასპინძლები სტანდარტულიდან აწვდიდნენ და უკანასკნელი შანსი ჰქონდათ, მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა “დალაქების” კიპერი სერხიო რიკოც, თუმცა ევერ ბანეგამ იმდენად ცუდად ჩააწოდა, რომ ბურთი მათი ნახევრისკენ წამოვიდა. იქ კიდევ უფრო ცუდად ითამაშა არგენტინელმა, ბურთის წინ ატანის ნაცვლად მისი დაჭერა სცადა და დაკარგა, რითაც კრისტიან ტელომ ისარგებლა, ნახევარი მოედანი ბურთთან ერთად გაირბინა და კარში დაბრუნებულ რიკოს შანსი არ დაუტოვა – 3:5.

ცნობისთვის, “სევილია” ლა ლიგაში “სანჩეს პისხუანზე” 21 მატჩის შემდეგ პირველად დამარცხდა. “ბეტისი” კი “რეალის” შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში “სევილიას” ზემოხსენებულ სტადიონზე 5 გოლი გაუტანა.

“ატლეტიკომ” შინ “ხეტაფე” დაამარცხა და დროებით “ბარსელონასთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. მადრიდელებმა ტაიმი ანხელ კორეას გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში თავის გამოჩენა “როხიბლანკოში” დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ მოახერხა, რომელმაც გოლი ემოციურად აღნიშნა, ამის გამო მსაჯისგან მეორე ყვითელი ბარათით დაისაჯა და 68-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მის გუნდს ამ მატჩში არანაირი პრობლემა არ შექმნია და 2:0 იმარჯვა.

“ვალენსია” “მესტალიაზე” “ხირონას” დაუხვდა და მინიმალური გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა მოულოდნელი სცენარით დაიწყო, მე-8 წუთზე მოხიკამ საკუთარ ფლანგზე ყველას და ყველაფერს გაუსწორდა და კარგადაც ჩააწოდა, საჯარიმოში კი პორტუმ იყოჩაღა, ყოფილ გუნდს გაუტანა და ამიტომაც ეს გოლი არ აღნიშნა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმშივე გაათანაბრეს: 27-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გონსალო გუედეშმა იაქტიურა, შემდეგ კი საჯარიმოში ჩააწოდა და ეს ეპიზოდი რამალიოს ავტოგოლით დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ხოსე ლუის გაიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დანიელ პარეხომ აქცია გოლად. მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში როდრიგომ, ვიეტომ და მინამ ვერ ივარგეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:1.

დღის მეოთხე მატჩი “გრან კანარიაზე” შედგა, სადაც ბოლოადგილოსანი “ლას პალმასი” “ეიბარს” დაუხვდა და იმის მიუხედავად, რომ ტაიმი ჯონათან ვიერას გოლით მოიგო, საბოლოოდ მაინც უქულოდ დარჩა. ბასკური კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა ფაბიან ორელიანას, რომელიც მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და ორ წუთში თავის გამოჩენა შეძლო, ხოლო 77-ე წუთზე სერხიო ენრიჩმა ზუსტი თავურით “ეიბარს” მოაგებინა – 1:2.

სევილია ბეტისი 3:5 (2:2)

გოლები: 0:1 ფ.რუისი (1), 1:1 ბენ იედერი (13), 1:2 ფედალი (21), 2:2 კიაერი (40), 2:3 დურმისი (63), 2:4 ს.ლეონი (65), 3:4 ლენგლე (67), 3:5 ტელო (95)

ატლეტიკო ხეტაფე 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ა.კორეა (18), 2:0 კოშტა (68)
გაძევება: კოშტა (68)

ვალენსია ხირონა 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 პორტუ (8), 1:1 რამალიო (27 ს.კ.) 2:1 პარეხო (48)

ლას პალმასი ეიბარი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვიერა (32 პენ.), 1:1 ორელიანა (73), 1:2 ენრიჩი (77)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123267