კატალონიის “ბარსელონა” და “ლივერპული” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, “წითლები” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც მომავალში ბონუსების სახით 40 მილიონი დაემატება.
თავად კოუტინიო კი “ბლაუგრანასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის გაოფიცილურებას კი უახლოეს ხანებში ელოდებიან.
ამ ყველაფერს წინ დიდი საგა უძღოდა, რომელმაც სათავე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აიღო. კატალონელები ბრაზილიელის ყიდვას მაშინაც სცდილობდნენ, თუმცა ინგლისურმა მხარემ ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, “ბარსას” ტექნიკურმა სპონსორმა “ნაიკმა” მომხმარებელს კოუტინიოს მაისურები (“ბარსელონას” ფორმაში) შესთავაზა გასაყიდად, თუმცა კომპანიამ მოგვიანებით პოსტი წაშალა. თავის მხრივ “ლივერპული” ამ ფაქტის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა.
როგორც ჩანს, ამის გაკეთება საჭირო აღარ იქნება, ხოლო კოუტინიოს სურვილი აუხდება და “კამპ ნოუზე” ითამაშებს.