ფეხბურთი

21:59 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" პრინცი აღარ სჭირდება

ტურინის “იუვენტუსს” ლონდონის “ჩელსიში” როს ბარკლის ტრანსფერმა გეგმები შეუცვალა. Calciomercato-ს ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა ლონდონში კლაუდიო მარკიზიოს გაყიდვას გეგმავდა, რადგან ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს ყოფილი შეგირდის ყიდვა სურდა.

თუმცა ბარკლის ტრანსფერის შემდეგ “არისტოკრატები” ნახევარმცველის დამატებას აღარ საჭიროებენ, შესაბამისად, ახლა ტურინული გრანდი მარკიზიოსთვის ახალი გუნდის ძიებაშია.

მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ნახევარმცველი “იუვეს” ქომაგებში დიდი სიყვარულით სარგებლობს, ბოლო დროს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აღარ მიიჩნევა. მეტიც, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა.

მარკიზიოს ჩავარდნა 2016 წლის აპრილიდან იწყება, როდესაც ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო, ხოლო მისი მოშუშების შემდეგ ძველ ფორმაში ვერ შევიდა. გარდა ამისა, იტალიელი მიკრო ტრავმებს ხშირად იღებს.

კლაუდიო მარკიზიო, რომელმაც მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრა ჩაატარა, “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია, სადაც 1993 წლიდან ირიცხებოდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა, ხოლო სხვა გუნდში ერთადერთი სეზონი აქვს გატარებული და ისიც იჯარით (“ემპოლი” 2007-2008 წლების სეზონი). მარკიზიოს ტურინში მეტსახელიც აქვს – “პრინცი”.

0.131332