2018 წლის 12, 13 და 14 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს უმასპინძლებს. ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა, დასწრება ნებისმიერ დღეს, ყველა მსურველისათვის უფასო იქნება.
14 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვა შეეძლებათ. წელს ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. იტალიის გარდა, „ზამთრის თასზე“ შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ვარსკვლავი იქნება: რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი.
დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენენ.
ტურნირის 2018 წლის გათამაშებაში სიახლეა: ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი მიიღებს.
GFF.GE