“ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სალაჰმა ეს წოდება აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სახელით მიიღო.
“ლივერპულელმა” თანაგუნდელ სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის კონკურენცია დაძლია. მოჰამედს 2017 წელი გამორჩეული ჰქონდა. წლის პირველი ნახევარი “რომაში” გაატარა (20 თამაში, 10 გოლი, 9 პასი), ხოლო მეორე ნახევარი “ლივერპულში” (29 მატჩი, 23 გოლი, 8 პასი).
გარდა ამისა, სალაჰმა ეგვიპტის ნაკრებში 10-ჯერ ითამაშა (5 გოლი და 2 პასი) და მუნდიალზე გაიყვანა საკუთარი ქვეყანა.
აფრიკის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ რაულ კუპერი აღიარეს, ხოლო წლის გუნდი ეგვიპტის ნაკრები გახდა. საუკეთესო კლუბის წოდება აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “ვიდადს” ხვდა წილად, ხოლო აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ავსტრიული “ლიფერინგის” ზამბიელი ლეგიონერი მატსონ დაკა დასახელდა.