კალათბურთი

0:58 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია "რეალთან" ორმაგი დუბლით გამოირჩა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მადრიდის “რეალთან” ვერაფერს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტორიელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

“ბასკონიამ” განსაკუთრებით დასკვნითი პერიოდი ჩააგდო, რომელიც ათი ქულით წააგო. საბოლოოდ კი, “სამეფო კლუბმა” 81:69 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა (“რეალს” 14 ტურში 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული).

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას – ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 26:54 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში თორნიკემ ორმაგი დუბლის შესრულება მოასწრო: 15 ქულა და 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე).

ჩვენებურმა 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა, მაგრამ კალათში ვერცერთი მოათავსა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “ბასკონიას” კაპიტანი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ქულების მხრივ. 15 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, თუმცა იგივე შედეგი აჩვენეს მადრიდელმა ფაბეინ კუსერმა და ბასკონიელმა მარსელო ჰუერტასმა. აი, მოხსნების მხრივ კი “თოკომოტივს” ბადალი არ ჰყოლია. ასევე, ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა.

“ბასკონიას” 14 ტურის თავზე 8 მოგებითა და 6 წაგებით მეშვიდე ადგილი უკავია. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 7 იანვარს, საკუთარ მოედანზე “ვალენსიასთან” ჩაატარებენ.

0.117209