ფეხბურთი

2:20 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედმა” მეორე ადგილი დაკარგა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და მეორე ადგილი დაკარგა. “წითელმა ეშმაკებმა” ოლდ ტრაფორდზე” “საუთჰემპტონი” მიიღეს, უგოლო ფრე გაუგორეს, რითაც “ჩელსიმ” ისარგებლა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო.

მანჩესტერულ კლუბს მცირე უპირატესობა კი ჰქონდა, თუმცა ისეთი ნამდვილად არა, რომ უეჭველად 3 ქულა აეღოთ. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა. უფრო მეტად მასპინძლები უტევდნენ, თუმცა გატანა “წმინდანებსაც” შეეძლოოთ და ორ ეპიზოდში დავიდ დე ხეამ აშკარა გაშვებული გოლისგან იხსნა საკუთარი კლუბი. “იუნაიტედს” მაინც უნდა მოეგო, რადგან 82-ე წუთზე ნემანია მატიჩს გოლი ფაქტობრივად გატანილი ჰქონდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი პოლ პოგბა ბოლო მომენტში შეეხო ბურთს და გოლი არ ჩაითვალა - 0:0.

“ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “სტოკს” უმასპინძლა და შავი დღე აყარა. “არისტოკრატებმა” პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ორი ბურთი მიამატეს და 2017 წელი შესანიშნავად დაასრულეს – 5:0.

მოიგო “ლივერპულმაც”, რომელმაც “ენფილდ როუდზე” “ლესტერი” მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ, ჯეიმი ვარდის გოლით მარცხდებოდა. მერსისაიდელებს შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მოჰამედ სალაჰმა ულიდერა, რომელმაც 52-ე და 76-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა – 2:1.

“ბორნმუთმა” “ევერტონს” უმასპინძლა და ფრეისერის დუბლით დაამარცხა, “სუონსი” 85-ე წუთამდე გასვლაზე “უოტფორდთან” აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანა და შინ 3 ქულით დაბრუნდა, ხოლო “ნიუკასლი” – “ბრაიტონის” და “ჰადერსფილდი” – “ბარნლის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს ლიდერი "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "კრისტალ პალასს" მოუგებს, უახლოეს მდევართან სხვაობას 16 ქულამდე გაზრდის.

ბორნმუთი – ევერტონი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 ფრეისერი (33; 88), 1:1 გაიე (57)

მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 0:0

ჩელსი – სტოკი 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 რუდიგერი (3), 2:0 დრინკვოთერი (9), 3:0 პედრო (23), 4:0 ვილიანი (73 პენ.), 5:0 ძაპაკოსტა (88)

ლივერპული – ლესტერი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვარდი (3), 1:1, 2:1 სალაჰი (52; 76)

ნიუკასლი – ბრაიტონი 0:0

უოტფორდი – სუონსი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კარილიო (11), 1:1 ჯ.აიუ (86), 1:2 ნარსინგი (90)

ჰადერსფილდი – ბარნლი 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172825