კალათბურთი

2:10 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ფანტასტიკური მატჩი და MVP!

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა გიორგი შერმადინმა! ქართველი ცენტრი “ბილბაოსა” და “უნიკახას” შეხვედრაში პარკეტზე ცალსახად საუკეთესო იყო მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

გიორგი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მაგრამ წინა მატჩებისგან განსხვავებით სათამაშო დრო ამჯერად საკმაოდ მიიღო. 23 წუთში შერმადინმა 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. გიორგი დიდებულად ირჯებოდა შეტევაში, ცივსისხლიანად. ამაზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი მოწმობს: ბურთი კალათისკენ 16-ჯერ გაუშვა და თხუთმეტმა მიზანს უწია! ჩვენებურმა 4-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 გაუტოლდა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ერთპიროვნულად გახდა. მაგალითისთვის, ყველაზე ახლოს ამ კუთხით მასთან ალექს მუმბრი იყო, რომლის მაჩვენებელი მხოლოდ 15 გამოდგა.

შეიძლება ითქვას, გიორგიმ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ძველებურად ათამაშდა (სამი დღის წინ ევროლიგაში 15 წუთში 15 ქულა გაახერა და იქაც ერთადერთი სტყორცნა გააცუდა).

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – “უნიკახა” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და თითქოს უნდა მოეგო კიდეც, მაგრამ ბოლო პერიოდში ბასკები გამოფხიზლდნენ და ყველაფერი შეიცვალა. “ბილბაომ” დასკვნითი ათწუთეული 12-ქულიანი სხვაობით მოიგო და საბოლოოდ, 70:67 გაიმარჯვა.

“უნიკახა” ლიგა ენდესაში 6 მოგებითა და 7 წაგებით მეათე ადგილზეა. მალაგელები მომდევნო ტურში 3 იანვარს, “ვალენსიას” უმასპინძლებენ.

0.141801