არცთუ დიდი ხნის წინ მის თავს შავი ღრუბლები იყო და კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა. მაგრამ მერე, საქმეში “ლოკომოტივი” ჩაერთო და ყველაფერი შეიცვალა. სოლომონ კვირკველია, რომელიც ყაზანის “რუბინის” განაცხადში ვერ ხვდებოდა, რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად იქცა.
"ლოკომოტივის" ვებგვერდმა კვირკველიას საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირე ცვლილებით გთავაზობთ:
2014-2015 წლების სეზონში კვირველია “რუბინის” დაცვის ლიდერიც იყო, მაგრამ მერე ყაზანში ესპანელი ალექს გრასია მივიდა და ქართველმა არათუ სათადარიგო სკამზე, არამედ განაცხადას მიღმა გადაინაცვლა. შედეგად, 2016-2017 წლების სეზონის პირველ ნახევარში სოლომონმა ერთადერთი მატჩი ჩაატარა და ისიც, რუსეთის თასზე (“ჩიტასთან”).
ხავი გრასია კვირკველიას ნდობას არ აპირებდა, მეტიც ვარჯიშის შესაძლებლობასაც არ აძლევდა. თითქოს, “რუბინში” იმისთვის მივიდა, რომ ჩვენებურისთვის თამაში აეკრძალა...
“კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ვარჯიშის ნაცვლად სახლში ვიჯექი და ვიცოდი, რომ რაც უნდა გამეკეთებინა, განაცხადში მაინც ვერ მოვხვდებოდი”, - გაიხსენებს კვირკველია.
2017 წლის ზამთარში კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივში” აღმოჩნდა იჯარით. მხარეთა ინტერესებიც დაემთხვა:
“იური სიომინთან საუბრისას მივხვდი, რომ მას ვჭირდებოდი”, - ამბობს ქართველი მცველი. 25 წლის კვირკველიას “რკინიგზელთა” ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია, ხოლო აპრილში, როდესაც ვედრან ჩორლუკა დაშავდა, დაცვლის ლიდერად ჩამოყალიბდა.
მაისში სოლომონმა პირველი ტიტული მოიგო – რუსეთის თასი. თუმცა, მალევე “რუბინში” მოუწია დაბრუნება, რადგან იჯარის ვადა ამოიწურა. და მაინც, ნათელი იყო, რომ ყაზანში მისი დაბრუნება დროებითი მოვლენა გახლდათ. თავის მხრივ, “ლოკოსაც” სურდა კვირკველიას დაბრუნება და და ტრანსფერიც გაიჩარხა.
კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, ხოლო წარდგენისას ჩვენებურმა თქვა:
“მინდა მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ”. და, კვირკველია მიზნისკენ მშვენივრად მიდის. “ლოკომოტივი”20 ტურის შემდეგ მართლაც ყველაზე ახლოსაა რუსეთის ჩემპიონის ტიტულთან. უშუალოდ მისი თამაში კი ძალიან კარგ შეფასებებს იძლევა. კვირკველია გამორჩეულია არამარტო პრემიერლიგაში, არამედ ევროპა ლიგაზეც და ბუნებრივია, ეს ევროპულ გუნდებსაც არ გამორჩენიათ. ბოლო დროს ინგლისის პრემიერლიგის გუნდებზე დაიწერა, მათ შორის, “მანჩესტერ სიტის” თაობაზეც... ამასობაში კი, კვირკველია საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სხვათა შორის, ეს პრიზი მეორედ მოიგო (პირველად 2015 წელს).
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა თავი არამარტო დაცვაში კარგი თამაშით, არამედ შეტევაში შედეგიანი თამაშითაც გამოიჩინა. 3 გოლი და სამივე მატჩის კულმინაციურ მომენტებში! ცალკე გასახსენებელია “რუბინის” კარში გატანილი გოლი, რომელმაც ქულა დააკარგვინა ყაზანელებს. ეს ნამდვილად იყო შურისძიება. გატანილ გოლებზე საბა ამბობს:
“მთავარია, შესაფერის დროს აღმოჩნდე სწორ ადგილას. მაღალი ვარ და სტანდარტების დროს საჯარიმოში ჩავდივარ, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც თავის დაცვაა”. სხვათა შორის, მას უკვე ადარებენ მალხაზ ასათაინს, რომელიც “ლოკომოტივში” ასევე შედეგიანად და დასამახსოვრებლად თამაშობდა.
და ბოლოს – კვირკველიას ხარისხმა ძალიან მოიმატა: “მინდა ვითამაშო იქ, სადაც პატივს მცემენ”, - ამბობდა ქართველი ზაფხულში. “ლოკომოტივში” სოლომონს პატივს სცემენ და ყველაფერი რიგზეა...