ფეხბურთი

17:16 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია შვიდი წლის თავზე: “საქვეყნო საქმეები და მწარე რეალობები”

“არის ფაქტორები, რაც გულს მიტეხავს და ინტერესს მიკარგავს”, “იქ, სადაც სტადიონი მინდოდა ამეშენებინა, კორპუსი ჩადგეს”, “შესაძლოა, ვიღაცეებს უნდათ, რომ “დინამოდან” წავიდე, მაგრამ ასე არ მოხდება”, “გარწმუნებთ, “დინამო” ევროტურნირებისთვის მზად იქნება და საქართველოშიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს”.

ეს ამონარიდებია რომან ფიფიას ინტერვიუდან. თბილისის “დინამოს” მფლობელთან კითხვები დაგროვდა. “დინამო” ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, გუნდიდან კი ფეხბურთელები მიდიან, საშუალო ასაკიც სულ უფრო და უფრო იკლებს. ზედიზედ ორი სეზონია, “დინამო” ტიტულის გარეშე რჩება...

- შვიდი წელია, რაც “დინამოში” მოხვედით. იყო ჩემპიონობები, თასები, დუბლები, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარია, კლუბს ცუდი პერიოდი უდგას.

- ბოლო სეზონი რომ შევაფასოთ, იღბალი დაგვაკლდა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზია. “დინამო” გახსნილია, კლუბისგან ყველა ყველაფერს მოითხოვს, მაგრამ როცა ითხოვ და გისრულდება, შენც ღირსეულად უნდა მოიქცე. ჩვენ მაქსიმალურად ვუცხადებთ ნდობას ახალგაზრდებს, მაგრამ მაინც წასვლაზე უჭირავთ თვალი. ეს ყველას არ ეხება. წარმოიდგინეთ, ბავშვი 6 წლის ასაკიდან იზრდება აკადემიაში და სანამ 18-ის გახდება, ერთი წლით ადრე მიდის. არ აწუხებს კითხვა: იმსახურებს აკადემია ასეთ რამეს? ეს უმადურობა გულს მიტეხავს და ინტერესს მიკარგავს. თუმცა საბედნიეროდ, ასეთები გამონაკლისებია. აი, მარტვილში ფუნქციონირებას იწყებს “დინამოს” აკადემიის ფილიალი, რომელსაც ჯესი სურმავა უხელმძღვანელებს. ვინც ამ პიროვნებას იცნობს, ისიც იცის, როგორი მონდომებული და მცოდნეა.

- წეღან ზურიკო დავითაშვილზე საუბრობდით. ფეხბურთელს უცხოეთში წასვლა სურს, ეს კი უფრო იოლია სხვა ქართული გუნდიდან, ვიდრე “დინამოდან”. დავითაშვილის შემთხვევაში ასეა. აქ კომპენსაციის თანხა იგულისხმება.

- და ეს სწორია? აღმზრდელ აკადემიას უნდა დარჩეს თანხა. ასევე უნდა დაფასდნენ ის მწვრთნელები, რომლებმაც ის გაზარდეს. ბოლოს კი რა მივიღეთ? დიდი მადლობა ზურიკო დავითაშვილის მამას, რომელიც ჩვენთან მუშაობდა. მადლობა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში... მან გადაწყვიტა, რომ “დინამოს” აკადემიამ არაფერი არ უნდა მიიღოს მისი შვილის აღზრდისთვის. სწორედ ამგვარი შემთხვევები მიკარგავს ხალისს, მაგრამ მაინც არ მოვეშვები. აქვე დავაფიქსირებ, რომ არანაირად არ მაქვს საწინააღმდეგო “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას მიმართ. დავითაშვილი თავისი სურვილით წავიდა. ასე გადაუხადა მან მადლობა “დინამოს”.

- ვიცით, რომ თავის დროზე სულიკო დავითაშვილმა “დინამოს” აკადემიაში სამსახური დაკარგა. თქვენთან კონფლიქტის გამო.

- ეს იმიტომ, რომ შვილი ყაზანის “რუბინში” წაიყვანა. ასეთი რამ გაგიგიათ, კლუბის პრეზიდენტის დაუკითავად, შვილს ხელი მოჰკიდო და რუსეთში წაიყვანო? ჩემს წარმოდგენას სცდება.

- ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში რა ხდება? შევიტყვეთ, რომ “რუსთავში” გადადის.

- მარტის ბოლომდე კონტრაქტი აქვს. იმედი მაქვს, ღირსეულად მოიქცევა. ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს. ჯერჯერობით, კვარაცხელია ჩვენთანაა.

- ბექა მიქელთაძე და ლევან გეგეჭკორიც წავიდნენ...

- რა ვთქვა, ასეთია რეალობა. “დინამომ” უნდა აღზარდოს ხალხი, მერე კი ისინი უნდა წავიდნენ და კლუბი ცარიელ-ტარიელი დატოვონ. არიან სხვა ბიჭები, რომლებიც ღირსეულად იქცევიან. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილი და ლაშა თოთაძე. აი, გეგეჭკორზე რომ მკითხეთ, ვის ახსოვდა? კახა კაჭარავამ რომ მოიწვია და ათამაშა, “დინამოდან” მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მომენტი მონახა და დაგვტოვა.

- რა უნდა გააკეთოთ, რომ ასე აღარ მოხდეს?

- ეს საკითხი დავაყენე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ლევან კობიაშვილი დამპირდა, რომ განიხილავს.

- სიტყვამ მოიტანა და როგორ შეაფასებთ ფედერაციის მუშაობას ეროვნული ჩემპიონატის კუთხით? რა მოგწონთ და რა შენიშვნები გაქვთ?

- ჩემპიონატის კუთხით, მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ათგუნდიანი ყველაზე ნორმალურია. გუნდებიც უფრო კონკურენტუნარიანები არიან, დაძაბულობა მეტია. იოლად ვერავის მოუგებ.

- დაახლოებით თვენახევრის წინ, “დინამოს” ყოფილი ლიდერი და ბომბარდირი ჩისკო იყო ჩამოსული. როგორც ვიცით, “ხიმნასტიკთან” აქვს კავშირები და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზე ისაუბრეთ...

- ჩისკოს მეგობარი “ხიმნასტიკის” სპორტული დირექტიორია. მათ აინტერესებდათ ფეხბურთელები, კონკრეტულად, ბექა მიქელთაძეს აკვირდებოდნენ, მაგრამ არ მოეწონათ.

- შესაძლებელია, რომ “ხიმნასტიკში” მოხვდნენ “დინამოს” ფეხბურთელები?

- “ხიმნასტიკი” ნამდვილად არაა ოცნების გუნდი. ჩვენი ფეხბურთელები აინტერესებთ ისეთ კლუბებს, როგორებიც “ატლეტიკო” და “შტუტგარტი” არიან. იყო ინტერესი “ბაიერნის” მხრიდანაც. ეს გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ. თუმცა ამაზე ბევრჯერ დაიწერა კიდეც.

- დიახ და საინტერესოა, ჩაკვეტაძის ახალ წლამდე შენარჩუნება თუ შეგეძლოთ?

- თვითონ ჩაკვეტაძემ ითხოვა, გამიშვითო. ბევრად უკეთესი იქნებოდა, დარჩენილიყო და იანვარში წასულიყო. ახლანდელი გადმოსახედიდანაც ჩანს, რომ ასე სჯობდა, მაგრამ მაშინაც ამ აზრზე ვიყავი.

- კახა კაჭარავას მუშაობას როგორ აფასებთ? ფაქტია, მას ყველაზე რთული სეზონი ჰქონდა, ორჯერ მოუწია ახალი გუნდის გაკეთება.

- უკმაყოფილო რატომ უნდა ვიყო? რომ ვიყო, ვიტყვი კიდეც. კახა ის მწვრთნელია, რომელსაც კარგად შეუძლია ახალგაზრდებთან მუშაობა.

- “დინამოში” ახალი ფეხბურთელები მოვლენ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა დონის ახალწვეულებს უნდა ველოდოთ?

- მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასე რომ, კონკრეტულად ჯერ არაფერია. 8 იანვარს გუნდი იკრიბება და 22-ში პირველ შეკრებაზე წავა თურქეთში. შემდეგ, მეორე შეკრებაც გვექნება თურქეთში.

- უცხოელებიც იქნებიან?

- დიახ. მშვენიერი შედეგები გვაქვს აკადემიაში და ახალგაზრდები დაწინაურდებიან, მაგრამ გარწმუნებთ, “დინამოში” ისეთი ფეხბურთელებიც მოვლენ, ქომაგებსაც რომ გაუხარდებათ. აქცენტი გაკეთდება იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ეამაყებათ “დინამოში” თამაში.

- შეიძლება ითქვას, რომ “დინამო” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს?

- “დინამო” არასოდეს არ იქნება ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს. გუნდი ევროტურნირებისთვისაც მზად იქნება.

- სხვათა შორის, ხშირად ისმის, რომან ფიფიას “დინამოდან” წასვლა სურსო.

- ვიღაცეებს უნდათ, რომ “დინამოდან” წავიდე, მაგრამ ასე არ მოხდება. ნერვებს მიშლის, ზოგჯერ ისეთ რამეს ვკითხულობ. თითქოს მე აქ კაბინეტში წამოწოლილი ვარ და “დინამო” სულ არ მაინტერესებს.

- “დინამოს” აკადემიას კარგი შედეგები აქვს, ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო და ბოლოს “ბენდელას თასზეც” იმარჯვა...

- ეს სასიხარულოა, მაგრამ გული მწყდება სხვა რამეზე: ველოდი, რომ ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე “დინამოს” აკადემიას ერთ პრიზს გადასცემდნენ. ეს სტიმული იქნებოდა აკადემიაში მომუშავე მწვრთნელებისთვის. კმაყოფილი ვარ მწვრთნელების და ასევე, სელექციონერებისაც, თემურ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით. წლის განმავლობაში 62 ფეხბურთელი მივავლინეთ ეროვნულ და სხვადასხვა ნაკრებებში. 62! უნიკალური მაჩვენებელია. ეს ხომ არა მხოლოდ “დინამოსთვის”, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის არის დიდი საქმე.

- გაზაფხულზე ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ჭაბუკებს შორის და გუნდების რაოდენობის გაზრდას ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ – რვაგუნდიანი. ამჯერადაც რვაგუნდიანი იქნება. ამჯერად ორი ქართული კლუბი ითამაშებს: ჩვენ და სფფ-ის ნაკრები. სტუმართა შორის კი გრანდი გუნდებიც არ გამოვრიცხოთ.

- ახლა “დინამოს” ცოტა გადავუხვიოთ. სფფ-ის აღმასკომის წევრი ხართ და 27 დეკემბერს სხდომაზე უცნაური ფაქტი მოხდა. სხდომას უნდა განეხილა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საკითხი, მაგრამ ილია კოკაია არ მოვიდა. რა კომენტარს გააკეთებდით?

- ილია კოკაიამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ფეხბურთში და მისი დაბრუნება ნამდვილად კარგი იქნებოდა. პრინციპში, კოკაია ისედაც ჩართულია ქართულ ფეხბურთში, კარგი ინფრასტრუქუტურა აქვს კლუბს, მაგრამ ვგულისხმობ საფეხბურთო კლუბის დაბრუნებას. ჩემი აზრით, ილია უნდა მოსულიყო სხდომაზე, ასე უფრო ნათელი მოეფინებოდა “ზესტაფონის” საკითხს. რატომ არ მოვიდა, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, პრესკონფერენციის გამართვას აპირებს და იქ იტყვის.

- ჩემპიონატის მატჩებზე, “დინამო არენაზე” გულშემატკივარი თითქმის არ დადის. ადრე განაცხადეთ, რომ გსურდათ, საშინაოდ პატარა სტადიონი აგეშენებინათ და გუნდს იქ ეთამაშა...

- მე სადაც ვთქვი და სადაც მინდოდა, იქ სახლი შენდება. ესაა ჩემი პასუხი. სახლის აშენება მოკლავს ამ მოედანს და შეუძლებელი იქნება საწვრთნელ ბაზაზე ნორმალურად მუშაობა. ფაქტობრივად, ერთი სტადიონი უნდა გაგვიუქმდეს. აბა, ნორმალურია, “დინამო” ვარჯიშობდეს და ყველას შეეძლოს ყურება? ეს საფეხბურთო გარემოს არ შეეფერება.

0.065028