კალათბურთი

12:30 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ევროლიგაში 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა (+VIDEO)

ევროლიგის მე-15 ტურის მატჩში “ვალენსია” “პაბელიონ მუნიციპალ ფუენტე სან ლუისზე” “პანათინაიკოსს” დაუხვდა, დაძაბულ ბრძოლაში სძლია და 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ესპანურ კლუბს კონტინენტის უძლიერეს ტურნირზე, უკანასკნელად მოგებული 27 ოქტომბერს, გიორგი შერმადინის “უნიკახას” წინააღმდეგ ჰქონდა (91:53).

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა და მოგება ორივე გუნდს თავისუფლად შეეძლო. პირველი ტაიმი ფრედ 32:32 დასრულდა, საყაიმო შედეგით 48:48 მორჩა მესამე პერიოდიც და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ უკანასკნელ წამს გაირკვა. მატჩის დასრულებამდე 2.4 წამით ადრე ესპანელები მხოლოდ ორი ქულით იგებდნენ და ბურთი მათ ჰქონდათ. სტუმრები ერიკ გრინის წინააღმდეგ უმალ დაჯარიმდნენ, ამერიკელმა გამთამაშებელმა კი ორივე ჯარიმა გამოიყენა, ხოლო ბერძნებმა დარჩენილ 1.3 წამში არაზუსტი სამქულიანი ისროლეს და შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 67:63 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ზემოხსენებული ერიკ გრინი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა შესძინა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი 26 ჰქონდა. ბერძენთაგან ყველაზე შედეგიანი ბელგიელი მეთ ლოჯესკი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 გადაცემაა.

“ვალენსია” 4 მოგებით და 11 მარცხით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა, ხოლო “პანათინაიკოსი” 10 მოგებით და 5 მარცხით მე-3 პოზიციას იკავებს.

თეგებიევროლიგა
0.13716