პრემიერლიგის მე-20 ტურის დასკვნითი შეხვედრა “შელჰარსტ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “კრისტალ პალასი” თანაქალაქელ “არსენალს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
“არსენალი” პირველი ტაიმის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა: 25-ე წუთზე სტუმრებმა სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, მასპინძლებმა ბურთის ხეირიანად გამოტანა ვერ შეძლეს და ალექსანდრე ლაკაზეტს კარში დარტყმის საშუალება მისცეს, რომელსაც სპერონი გაუმკლავდა, მაგრამ დამატებაზე შეტევაში ჩართულმა შკოდრან მუსტაფიმ იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს: მარცხენა ფლანგზე ვილფრიდ ზაჰამ იყოჩაღა, ბელერინს გაუსწორდა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თაუნსენდს დაუგორა ბურთი, რომელმაც უნაკლოდ დაარტყა და ჩეხი ადგილზე გააშეშა.
მეორედ სტუმრები 62-ე წუთზე ალექსის სანჩესმა დააწინაურა, რომელმაც ძლიერი დარტყმით სპერონს ახლო კუთხეში გაუტანა, ხოლო ოთხ წუთში ჯეკ უილშირის შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა, თავადაც მშვენივრად გაისარჯა და დუბლი გაიფორმა. “კრისტალ პალასმა” სხვაობის შემცირება 89-ე წუთზე შეძლო, მასპინძელთა კუთხური ტომკინსის ზუსტი თავურით დასრულდა – 2:3.
“არსენალი” 37 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “კრისტალ პალასი” 18 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
კრისტალ პალასი – არსენალი 2:3 (0:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-4-2): სპერონი, დანი, ტომკინსი, შლუპი, კელი (ფოსუ-მენსა 80), კაბაიე (მაკარტური 53), მილივოიევიჩი, ლოფტუს-ჩიკი (საკო 70), თაუნსენდი, ბენტეკე, ზაჰა.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, ჩემბერსი, უილშირი, ჯაკა (მეიტლენდ-ნილსი 87), ბელერინი, კოლოშინაცი, ოზილი, სანჩესი, ლაკაზეტი (კოკლენი 75).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 მუსტაფი (25), 1:1 თაუნსენდი (49), 1:2, 1:3 სანჩესი (62; 66), 2:3 ტომკინსი (89)
გაფრთხილებები: ზაჰა – ჩემბერსი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი